11 ივლისს, 10:00 საათზე სასტუმრო „ჰილტონ გარდენ ინში“(მის: ი.ჭავჭავაძის #64ა) გაიმართება კონფერენცა თემაზე „კლინიკური კონსილიუმი: ფილტვის მეტასტაზური არაწვრილუჯრედოვანი კიბოს იმუნოთერაპია“.
კონფერენციის ფარგლებში ქართველ ონკოლოგებს საერთაშორისო გამოცდილებას გაუზიარებს ფილტვის კიბოს მკურნალობის თანამედროვე მიდგომებს გააცნობს დიდი ბრიტანეთის წმინდა ჯორჯის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის (NHS Foundation Trust) კონსულტანტი, სამედიცინო ონკოლოგი ტ. ბენეპალი, რომელიც ფილტვის კიბოს მკურნალობის ერთ-ერთი აღიარებული ექსპერტია.
მნიშვნელოვანია, რომ ბრიტანელი სამედიცინო ონკოლოგის მონაწილეობით ორი სამეცნიერო კონფერენცია ეწყობა, რომლებიც ფილტვის კიბოს მკურნალობის თანამედროვე სტანდარტებსა და საერთაშორისო კლინიკურ გამოცდილებას დაეთმობა.
დღის პირველ სესიაზე განხილული იქნება იმუნოთერაპიის თანამედროვე მიდგომები და მათი პრაქტიკული მნიშვნელობა ფილტვის მეტასტაზური არაწვრილუჯრედოვანი კიბოს მართვაში ახალგაზრდა კლინიკური ონკოლოგებისა და რეზიდენტებისთვის. ღონისძიება საგანმანათლებლო პროექტის NGS-ის ფარგლებში ჩატარდება.
დღის მეორე კონფერენცია სახელწოდებით „სიზუსტე და ძალა: ფილტვის კიბოს კომპლექსური შემთხვევების ნავიგაცია“ დაეთმობა საერთაშორისო კლინიკური კვლევების შედეგებს, რეალურ კლინიკურ შემთხვევებსა და კომპლექსური პაციენტების მართვის თანამედროვე სტრატეგიებს. პროგრამის ფარგლებში სამედიცინო ონკოლოგი ტ. ბენეპალისთან ერთად ქ. მოსტარის საუნივერსიტეტო კლინიკური ცენტრის პროფესორი და ონკოლოგიური კლინიკის ხელმძღვანელი, პროფესორი ი. მარიჟანოვიჩი წარადგენს საერთაშორისო გამოცდილებას და კლინიკურ შემთხვევებს.
დასასრულს, კლინიკურ შემთხვევებზე დაფუძნებული დისკუსია გაიმართება.
კონფერენცია საერთაშორისო ფარმაცევტული კომპანია „როშ ჯორჯიას“ ორგანიზებით, საგანმანათლებლო პლატფორმის Next Gen Specialists (NGS ) ფარგლებში ეწყობა. მისი მიზანია ქართველი ონკოლოგებისთვის უახლესი საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება, თანამედროვე მტკიცებულებებზე დაფუძნებული მკურნალობის მიდგომების განხილვა და პროფესიული თანამშრომლობის გაღრმავება.
Next Gen Specialists (NGS) წარმოადგენს ფარმაცევტული კომპანია „როშის“ გრძელვადიანი საგანმანათლებლო და პროფესიული განვითარების პლატფორმას მათთვის, ვისაც სურს გახდეს დარგის ლიდერი. პროგრამა, რომელიც ახალგაზრდა ექიმებისა და რეზიდენტებისთვის შეიქმნა,მიზნად ისახავს თანამედროვე სამედიცინო ცოდნაზე ხელმისაწვდომობის გაზრდას, პროფესიული განვითარების ხელშეწყობასა და საერთაშორისო გამოცდილებასთან დაახლოებას. პლატფორმა მომავალი თაობის ექიმებს სთავაზობს პროფესიული განვითარების ახალ შესაძლებლობებს ონკოლოგიის, ჰემატოლოგიის, ნევროლოგიისა და ოფთალმოლოგიის მიმართულებით.
პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია სპეციალურად შექმნილ საინფორმაციო ვებგვერდზე: www.ngs.com.ge