სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, აჭარის დეპარტამენტის ინსპექტორებმა პესტიციდებისა და აგროქიმიკატების არალეგალური რეალიზაციის ფაქტი გამოავლინეს. ბათუმში, შავშეთის ქუჩაზე მდებარე შპს „ორსა“ (ს/კ 420009298) პესტიციდებისა და აგროქიმიკატების საბითუმო/საცალო რეალიზაციას ეწეოდა სავალდებულო აღიარების გარეშე; დარღვეული იყო შეფუთვის მთლიანობა, რაც კანონმდებლობით აკრძალულია.
ბიზნესოპერატორს შეუჩერდა საწარმოო პროცესი და კანონმდებლობის შესაბამისად დაჯარიმდა.
სურსათის ეროვნული სააგენტო შეახსენებს ბიზნესოპერატორებს, რომ საქართველოს კანონმდებლობით, ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა და აღიარების გარეშე საქმიანობა აკრძალულია (აღიარებას დაქვემდებარებულ საქმიანობათა ჩამონათვალი იხილეთ სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსში (მუხლი 13) ლინკზე: https://nfa.gov.ge/Ge/Files/ViewFile/580 - ნათქვამია სააგენტოს გავრცელებულ ინფორმაციაში.

