საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ბადიაური-ჩალაუბნის (ლოტი 4) 21.7 კმ-იანი და ჩალაუბანი-ბაკურციხის (ლოტი 5) 9.12 კმ-იანი მონაკვეთების მშენებლობაზე საერთაშორისო ტენდერი გამოაცხადა.
სამუშაოები საქართველოს მთავრობის, მსოფლიო ბანკისა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) ერთობლივი ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდება. ტენდერი კი მსოფლიო ბანკის შესყიდვების რეგულაციების შესაბამისად ჩატარდება.
ბადიაური-ჩალაუბნის 21.7 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობა ითვალისწინებს 4 ზოლიანი გზის, 2 სატრანსპორტო კვანძისა და 22 ხიდის მშენებლობას. ხოლო ჩალაუბანი-ბაკურციხის 9.1 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობა ითვალისწინებს 4 ზოლიანი გზის, 1 სატრანსპორტო კვანძისა და 9 ხიდის მშენებლობას.
აღნიშნული მონაკვეთები კახეთის მაგისტრალური გზის, კერძოდ საგარეჯო-ბადიაურის 17 კმ-იანი მიმდინარე პროექტის გაგრძელებაა და მნიშვნელოვნად განტვირთავს კახეთის ერთ-ერთ ძირითად საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის გზას.
ახალი გზა გვერდს აუვლის მჭიდროდ დასახლებულ სოფლებს, შედეგად, საგრძნობლად შემცირდება სატრანსპორტო დატვირთვა დასახლებებში, რაც გააუმჯობესებს გზებზე მოძრაობის უსაფრთხოებას და გარემოზე ზემოქმედებას. დაახლოებით სამჯერ გაიზრდება გზის გამტარუნარიანობაც.
ახალი მაგისტრალური გზის მონაკვეთები სრულ შესაბამისობაში იქნება საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების თანამედროვე სტანდარტებთან და აღიჭურვება განათების სისტემით.
სამუშაოების შესრულების ვადა თითოეული ლოტისთვის შეადგენს 900 დღეს.
სატენდერო წინადადებების მიღება 2026 წლის 21 დეკემბერს დასრულდება.
ტენდერის ბმული: https://georoad.gov.ge/ka/purchases/2635