აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ გამოაცხადა სანქციები 20-ზე მეტი ფიზიკური და იურიდიული სუბიექტის წინააღმდეგ ირანის რეჟიმის უკანონო დაფინანსებასა და ლოგისტიკურ მხარდაჭერაში მათი მონაწილეობის გამო.

ამერიკული მხარე აცხადებს, რომ სანქცირებულმა პირებმა წვლილი შეიტანეს ირანის შეიარაღებული ძალების და მათი გენერალური შტაბის, ასევე ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსის დაფინანსებაში „საზღვარგარეთ დაფუძნებული ფიქციური კომპანიებისა და ბროკერული ქსელების მეშვეობით“.

სქემები, რომლებშიც სანქცირებული პირები და კომპანიები იყვნენ ჩართული, ითვალისწინებდა შუამავლების გამოყენებას, ასევე საქონლის წარმოშობის ქვეყნის სერტიფიკატების გაყალბებას - პირველ რიგში, ნედლეულის, როგორიცაა ნავთობი.

აშშ-ის უახლეს შეზღუდვებში, სხვა საკითხებთან ერთად, მოექცნენ ფიზიკური და იურიდიული პირები ჰონგ კონგიდან და არაბეთის გაერთიანებული საამიროებიდან. ზოგიერთი მათგანი, მაგალითად, მალაიზიური ნავთობის საფარქვეშ ცდილობდა ირანული ნავთობის კონდენსატის გაყიდვას.

„ირანი იღებს მილიარდობით დოლარის ეკვივალენტს საქონლის გაყიდვით, რათა დააფინანსოს თავისი დამღუპველი რეგიონული აქტივობები და მრავალი რეგიონალური მარიონეტული ჯგუფის, განსაკუთრებით, "ჰამასისა" და "ჰეზბოლას“ მხარდასაჭერად", - აღნიშნავს აშშ-ის ხაზინა.