სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2025 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 835.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 4.0 პროცენტით მეტია გასული წლის შესაბამის მაჩვენებელზე.
საქსტატის ცნობით, ადგილობრივი ექსპორტი რეექსპორტის გარეშე, მთლიანი ექსპორტის 46.5 პროცენტს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.3 პროცენტით შემცირდა და 388.5 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა.
უწყების ანგარიშით, 2025 წლის იანვარ-თებერვალში ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 67.7 პროცენტი შეადგინა. ამ მხრივ უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორები არიან რუსეთი – 67.4 მლნ. აშშ დოლარით, თურქეთი – 40.5 მლნ. აშშ დოლარით და ჩინეთი – 33.8 მლნ. აშშ დოლარით.
2025 წლის იანვარ-თებერვალში ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები არის წარმოდგენილი 39.7 მლნ. აშშ დოლარით, აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის წილი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 10.2 პროცენტს შეადგენს; მეორე ადგილზეა ყურძნის ნატურალური ღვინოები, 29.2 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამე ადგილს იკავებს მინერალური და მტკნარი წყლები, შაქრის დანამატების გარეშე, 25.4 მლნ. აშშ დოლარით.