კომპანია „ასკანელმა“ ბაკურციხეში, კახეთის სტრატეგიულ გზაგასაყარზე, უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი საბრენდე ღვინის ქარხნის ოპერირება სრულად დაიწყო.

ახალი საწარმო, რომლის პირველი ეტაპის საინვესტიციო ღირებულება 20 მილიონი ევროა (თიბისი ბანკის 14 მილიონი ლარის დაფინანსებით) გარემოს დაცვისა და სოფლიე მეურნეობის სამინისტროს ღვინის ეროვნული სააგენტოს უფროსმა ლევან მეხუზლამ, ბიზნესმენმა გოჩა ჩხაიძემ და „თიბისი“ ბანკის გენერალური დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძე გახსნეს. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ ჩეხეთის ელჩი საქართველოში პეტრ კუბერნატი და დიპლომატიური მისიებისა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები.

პროექტს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს არქიტექტურული კონცეფცია, რომლის ავტორია ცნობილი ფრანგი არქიტექტორი – ანუკ ლეჟანდრი (Anouk Legendre), ბორდოს ღვინის სიმბოლოდ ქცეული „La Cité du Vin“-ის შემქმნელი.

ბაკურციხის ახალი ქარხანა, თავისი სტრატეგიული მდებარეობიდან გამომდინარე, რეგიონულ აგრო-ინდუსტრიულ ჰაბად იქცევა. ეს ინვესტიცია უზრუნველყოფს სტაბილურ ჩაბარების წერტილს და ქართველი გლეხებისთვის უმნიშვნელოვანეს მხარდაჭერას. საწარმოში 100-მდე ადგილობრივი მოსახლე დასაქმდება. საწარმოს დაგეგმილი სიმძლავრე შეადგენს 22,000 ტონა ყურძნის გადამუშავებას.

ქარხანა აღჭურვილია უახლესი, უჟანგავი ფოლადის ცისტერნებით, რომლებსაც მოცემული ტემპერატურის შენარჩუნების უმაღლესი შესაძლებლობა გააჩნიათ ფერმენტაციის დროს, რაც უზრუნველყოფს პროდუქციის სტაბილურ და ხარისხიან საბრენდე ღვინო მასალების წარმოებას.

ქარხანაში ასევე დამონტაჟებულია უნიკალური წარმოების ორი სახის დისტილაციის სისტემა (უწყვეტი და პერიოდული), რომლის წარმადობა 24 საათში 130 ტონა ღვინის გამოხდას უზრუნველყოფს.

კომპანია „ასკანელის“ დამფუძნებლის, გოჩა ჩხაიძის თქმით, ეს პროექტი მრავალმხრივი მნიშვნელობის მატარებელია: „ჩვენ დღეს არ ვხსნით უბრალოდ ქარხანას, ჩვენ ვდებთ ფუნდამენტს ქართული ბრენდისა და ღვინის მომავალში. პირველ რიგში, ეს არის პირდაპირი მხარდაჭერა ჩვენი გლეხებისთვის. ბაკურციხეში გახსნილი ახალი კომპლექსი, თავისი 22,000 ტონა სიმძლავრით, ნიშნავს, რომ ჩვენ ვქმნით სტაბილურ აგრო-ეკონომიკურ ჰაბს, რომელიც რეგიონის განვითარებას ემსახურება. მეორე, ეს არის ხარისხისა და ინოვაციის მაჩვენებელი. ჩვენი მიზანია, ქართული საბრენდე ღვინომასალის ხარისხი მსოფლიო სტანდარტების უმაღლეს დონეზე ავიყვანოთ. და მესამე, ჩვენ ვქმნით ეროვნულ ღირსშესანიშნაობას. როდესაც ბორდოს ღვინის ქალაქის ავტორი, ანუკ ლეჟანდრი გიპროექტებს ქარხანას და მუზეუმს, მეორე ეტაპზე კი აშენდება მუზეუმი, რომელიც 8000-წლოვან ქართულ ღვინის ისტორიას თანამედროვე, ინტერაქტიული 3D სივრცეებით გააცოცხლებს.“

20-მილიონიანი ევროს პროექტის პარტნიორი თიბისი ბანკია,  საწარმო 14 მილიონი ლარით მათი დაფინანსებულია. „თიბისისა და „ასკანელის“ 22-წლიანი პარტნიორობა კიდევ ერთი წარმატებული პროექტით გრძელდება. კომპანია უკვე თავად შეძლებს, აწარმოოს მაღალი ხარისხის, ერთგვაროვანი საბრენდე სპირტი, რაც შეამცირებს დამოკიდებულებას სხვა ადგილობრივ მწარმოებლებზე. თიბისისთვის მსგავსი პროექტების მხარდაჭერა მნიშვნელოვანია, რადგან, ერთი მხრივ, ხელს ვუწყობთ რეგიონების განვითარებას, ხოლო მეორე მხრივ, ქართული პროდუქტის ხარისხის გაუმჯობესებას.“- განაცხადა თიბისის მსხვილი და საშუალო კორპორატიული კლიენტების მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა გიორგი დარჩიაშვილმა.