1962 წლის Ferrari 250 GTO სარბოლო მანქანა, ნიუ-იორკში აუქციონზე 51,7 მილიონ აშშ დოლარად გაიყიდა. სპორტული მანქანა გახდა იტალიური ბრენდის ყველაზე ძვირად ღირებული მანქანა, რომელიც ოდესმე აუქციონზე გაყიდულა. ამის შესახებ New York Times იუწყება.
მითითებულია, რომ მანქანამ მონაწილეობა მიიღო ლე მანის 24 საათიან მარათონში 1962 წელს. Ferrari-ს მონაცვლეობით ბრიტანელი მაიკ პარკესი და იტალიელი ლოენცო ბანდინი მართავდნენ. 1964 წელს მანქანა სიცილიელ ქირურგს მიჰყიდეს (სახელი არ არის მითითებული). ბოლო რამდენიმე წელია, ეს მანქანა ამერიკელ კოლექციონერს ეკუთვნოდა.
Sotheby's აუქციონის სახლის წარმომადგენლების თქმით, თავდაპირველად ამ მანქანის შექმნა 330 LM მოდელის სახით იგეგმებოდა (250 GTO-ს გაუმჯობესებული ვერსია უფრო დიდი ძრავით), მაგრამ მოგვიანებით, ეს იდეა დავიწყებას მიეცა. საერთო ჯამში, დაახლოებით 36 Ferrari 250 GTO გამოუშვეს. ცნობილი სპორტული მანქანის მფლობელებს შორის არიან მოდის დიზაინერი რალფ ლორენი და "პინკ ფლოიდის" დრამერი ნიკ მეისონი.
გაყიდული მოდელი გახდა ისტორიაში მეორე ყველაზე ძვირად ღირებული მანქანა, რომელიც აუქციონზე გაიყიდა. პირველი იყო 1955 წლის Mercedes 300 SLR Uhlenhaut Coupe - 2022 წელს სარბოლო მანქანა 135 მილიონ ევროდ გაიყიდა.