აფროსნობის საერთაშორისო ფედერაციის (World Sailing) საბჭომ რუსი სპორტსმენებისთვის ნეიტრალური სტატუსის მოთხოვნა ოფიციალურად გააუქმა. გადაწყვეტილება World Sailing-ის ყოველწლიურ კონფერენციაზე იქნა რატიფიცირებული — ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის სპორტის მინისტრმა მიხაილ დეგტიარიოვმა, ასევე სრულიად რუსეთის აფროსნობის ფედერაციამ განაცხადეს.
დეგტიარიოვის თქმით, ამ წესების შესაბამისად, რუსები შეძლებენ ტურნირებში ეროვნული დროშის ქვეშ მონაწილეობასა და გუნდურ დისციპლინებში ასპარეზობას. ნებართვა 2028 წლის 1 სექტემბრამდე იმოქმედებს. ამასთან, საერთაშორისო შეჯიბრებებზე დაბრუნების პერიოდში რუსი იახტსმენებისთვის დამატებითი ანტიდოპინგური მოთხოვნები დაწესდება.
უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, სპორტული ფედერაციების უმეტესობამ რუსი და ბელარუსი სპორტსმენები საერთაშორისო შეჯიბრებებს ჩამოაშორა. მიუხედავად ამისა, 2025 წლის ივნისში World Sailing-მა მათ ტურნირებში ნეიტრალური სტატუსით მონაწილეობის უფლება მისცა. 2026 წლის 21 ოქტომბერს World Sailing-ის გამგეობამ მიიღო რეგლამენტი ნეიტრალური სტატუსის გაუქმებისა და საერთაშორისო ტურნირებში რუსი და ბელარუსი სპორტსმენების რეინტეგრაციის შესახებ. ერთი თვის შემდეგ კი აფროსნობის საერთაშორისო ფედერაციის საბჭომ ეს გადაწყვეტილება დაამტკიცა.