ვლადიმირ პუტინის თქმით, ჯერჯერობით არ იცნობს ტრამპის გეგმას უკრაინაში ომის დასრულების შესახებ, თუმცა რუსეთი სერიოზულად ეკიდება მის ინიციატივას. ამის შესახებ ვლადიმირ პუტინმა შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტზე გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"ის, რომ პრეზიდენტობის კანდიდატი ტრამპი ამბობს, რომ სურს და მზად არის დაასრულოს ომი - ჩვენ ამას ძალიან სერიოზულად ვეკიდებით. ცხადია, ჯერჯერობით არ ვიცნობ მის შესაძლო წინადადებებს თუ როგორ აპირებს ამის გაკეთებას და ეს რა თქმა უნდა საკვანძო საკითხია, მაგრამ ეჭვი არ მეპარება რომ ის გულწრფელია და ჩვენ მხარს ვუჭერთ ამას" - თქვა პუტინმა.
ამასთანავე რუსეთის პრეზიდენტმა გამორიცხა ცეცხლის შეწყვეტა "უკრაინის მხრიდან კონკრეტული ნაბიჯების გარეშე." პუტინის თქმით, ცეცხლის შეწყვეტა უკრაინამ შესაძლოა ძალების აღსადგენად და ვითარების გაუმჯობესებისთვის გამოიყენოს.
ამასთანავე უცნობია, თუ ვისთან აპირებს მოლაპარაკებებს პუტინი - რუსეთის პრეზიდენტმა მორიგ ჯერზე გაიმეორა, რომ მაისის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტი აღარ არის ლეგიტიმური (20 მაისს ამოიწურა ზელენსკის საპრეზიდენტო ვადა, თუმცა უკრაინული კანონმდებლობა საომარ მდგომარეობაში პრეზიდენტის ვადის გახანგრძლივებას ითვალისწინებს) და უკრაინელი ხალხის ერთადერთი ლეგიტიმური წარმომადგენელი რადას სპიკერია.