უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის ომის დარეგულირების საკითხზე მოლაპარაკებების პირველი რაუნდი აშშ - რუსეთი - უკრაინის სამმხრივ ფორმატში უნდა წარიმართოს. ასეთი მოსაზრება რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, იური უშაკოვმა საინფორმაციო სამსახურ "ვესტისთვის" მიცემულ ინტერვიუში გამოთქვა.
"დაწყება სწორედ ასეა საჭირო, რადგან ჩვენ ამერიკელებთან სამუშაო კონტაქტები გვაქვს. ამიტომ ლოგიკურია, რა თქმა უნდა, რომ სამმხრივ ფორმატში მაინც გაიმართოს მოლაპარაკებების პირველი რაუნდები", - განმარტა კრემლის წარმომადგენელმა.
კრემლმა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად კვლავ მიიწვია მოსკოვში. "ის ხომ სხვადასხვა წყაროს მეშვეობით აგზავნის სიგნალებს. თუ ასე ძალიან უნდა მოლაპარაკება - ჩამოვიდეს", - თქვა უშაკოვმა.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრეი სიბიგამ ოქტომბრის ბოლოს აღნიშნა, რომ კიევი ზელენსკისა და პუტინის შეხვედრისთვის მზადაა. თუმცა მსგავსი დიალოგი შესაძლოა, ნებისმიერ ადგილას გაიმართოს, გარდა მოსკოვისა, ბელარუსისა ან ჩრდილოეთ კორეისა, მიუთითა უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
უკრაინის პრეზიდენტმა ოქტომბრის ბოლოს განაცხადა, რომ ნოემბერში კიევის, ვაშინგტონისა და მოსკოვის სამმხრივი შეხვედრა გაიმართება, რომლის მიზანიც სამშვიდობო მოლაპარაკებების განახლებაა. თავის მხრივ, რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, უშაკოვმა განაცხადა, რომ სამმხრივი მოლაპარაკებები 4 ნოემბრის შემდეგ შედგება. შეხვედრის თარიღი დამოკიდებული იქნება ბრძოლის ველზე არსებულ ვითარებაზე და ზოგადად, სიტუაციაზე", - განმარტა მან.
იანვარ-თებერვალში უკრაინის, რუსეთისა და აშშ-ის დელეგაციებმა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში დახურული მოლაპარაკებების ორი რაუნდი გამართეს. მხარეების მიერ პროგრესის შესახებ გაკეთებული განცხადებების მიუხედავად, აბუ-დაბიში შეხვედრებს უკრაინაში ომის დასრულების გზაზე გარღვევა არ მოჰყოლია.