ევროკავშირის წარმომადგენლები მონაწილეობას მიიღებენ უკრაინაში მშვიდობიანი დარეგულირების შესახებ მოლაპარაკებებში, რომლებიც აბუ-დაბიში 10 და 11 ნოემბერს გაიმართება. ეს მიკრობლოგ X-ზე ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა დაადასტურა.

როგორც პოსტშია აღნიშნული, 9 ნოემბერს ევროკომისიის ხელმძღვანელი ვიზიტით შავი ზღვის რეგიონში ჩავიდა. გამგზავრებამდე იგი ტელეფონით ესაუბრა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და კიდევ ერთხელ გამოხატა მხარდაჭერა მისი მოწოდებების მიმართ ენერგეტიკულ და სასურსათო ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის ამოქმედების თაობაზე, წერს ფონ დერ ლაიენი.

"ჩვენ ასევე განვიხილეთ მშვიდობიანი დარეგულირების მისაღწევად მიმდინარე ძალისხმევა და მიმდინარე კვირას აბუ-დაბიში დაგეგმილი სამშვიდობო მოლაპარაკებები, სადაც ევროკავშირი ჩვენს პარტნიორებთან ერთად იქნება წარმოდგენილი", - აღნიშნულია ევროკომისიის ხელმძღვანელის შეტყობინებაში.

ფონ დერ ლაიენმა დასძინა, რომ მიმდინარე კვირის ბოლოს ზელენსკისთან დუბლინში შეხვედრასა და სხვა ლიდერებთან ერთად მშვიდობისკენ მიმავალი გზის შემდგომი ნაბიჯების განხილვას ელის.

ამასთან, სააგენტო Reuters-მა 9 ნოემბერს გაავრცელა გერმანიის მთავრობის პრესსპიკერის განცხადება, საიდანაც ირკვევა, რომ ბერლინი აბუ-დაბის მოლაპარაკებებზე უსაფრთხოების პოლიტიკის მრჩევლის დონეზე იქნება წარმოდგენილი.