9 ნოემბრის ღამით, უკრაინული დრონები თავს დაესხნენ კირიშის ნავთობგადასამუშავებელ ქარხანას (КИНЕФ) ლენინგრადის ოლქში. ამის შესახებ გამოცემა Astra და Telegram-ის უკრაინული სამონიტორინგო არხები თვითმხილველებზე დაყრდნობით იუწყებიან.
ლენინგრადის ოლქის გუბერნატორმა ალექსანდრ დროზდენკომ დაადასტურა დრონების ჩამოვარდნა ქალაქ კირიშის სამრეწველო ზონაში, თუმცა არ დაუსახელებია ის საწარმო, რომელზედაც იერიში მიიტანეს. მისი მტკიცებით, რუსულმა საჰაერო თავდაცვის ძალებმა ღამის განმავლობაში რეგიონის თავზე 113 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს. სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეოებში ნავთობგადასამუშავებელი ქარხნის ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძარია დაფიქსირებული.
როგორც Astra წერს, კირიშის მცხოვრებლები იუწყებიან საჰაერო თავდაცვის სისტემის მუშაობის, ქარხნის მიმდებარედ მძლავრი აფეთქებებისა და, ასევე, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ევაკუაციის შესახებ.
უკრაინას საწარმოზე თავდასხმასთან დაკავშირებით ჯერჯერობით ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია.