უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთში, ლიპეცკის ოლქის ქალაქ ელეცში მდებარე აკუმულატორების მწარმოებელ უმსხვილეს ქარხანაზე მორიგი იერიში მიიტანა.

"ელეცის სამრეწველო ზონაზე სარაკეტო დარტყმის შედეგად ერთ-ერთი საწარმოს დაცვის თანამშრომელი დაიღუპა", — დაწერა რეგიონის გუბერნატორმა, იგორ არტამონოვმა Telegram-ში.

გუბერნატორს საწარმოს დასახელება და ზიანის მასშტაბი არ დაუკონკრეტებია. თუმცა, გამოცემა Astra-ს OSINT-ანალიზის თანახმად, დარტყმა ელეცის სამრეწველო ზონაში მდებარე ქარხანა "ენერგიაზე" განხორციელდა. აღნიშნული ქარხანა აწარმოებს კვების ელემენტებს უპილოტო საფრენი აპარატებისთვის, სარაკეტო კომპლექსებისთვის და სხვა სახის შეიარაღებისთვის, რომლებსაც ოკუპანტების არმია ფართოდ იყენებს უკრაინის წინააღმდეგ ომში.

ქარხანა "ენერგიაზე" თავდასხმის შესახებ უკრაინული სამონიტორინგო Telegram-არხებიც წერენ. OSINT-პროექტ Exilenova+-ის ინფორმაციით, საწარმოს რამდენიმე რაკეტა მოხვდა, ქარხნის მთელი სამრეწველო ზონა კი ცეცხლსა და კვამლშია გახვეული.

"სავარაუდოდ, ლიპეცკის ოლქში მდებარე "ენერგიაზე" დარტყმა Storm Shadow-ს ფრთოსანი რაკეტებით განხორციელდა. ამჟამად იქ ყველაფერი იწვის, დარტყმის ტერიტორია გადაკეტილია, ქარხნისკენ სასწრაფო დახმარების ბევრი მანქანა მიემართება", — აღნიშნულია განცხადებაში.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბსა და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ქარხანა "ენერგიაზე" დარტყმის შესახებ კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებიათ.