დასავლეთ თურქეთში, იზმირის პროვინციის ალიაღას რაიონში მდებარე მეტალურგიულ საწარმოში - HABAŞ Demir Çelik AŞ - მომხდარი აფეთქების შედეგად თექვსმეტი ადამიანი დაიღუპა, ხოლო 13 დაშავდა. ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.
აფეთქება შუადღისას მოხდა, რის შემდეგაც ქარხნის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა. იზმირის პროვინციის ადმინისტრაციის ცნობით, ფოლადის ჩამოსხმის პროცესში ხიდურა ამწე ჩამოწყდა და სამრეწველო ღუმელში ჩავარდა, რამაც ავარია გამოიწვია.
სამაშველო სამსახურები საწარმოს ტერიტორიაზე სამძებრო სამუშაოებს მთელი დღის განმავლობაში აწარმოებდნენ. ჯერჯერობით უცნობია, არიან თუ არა ნანგრევებში სხვა ადამიანები.
ერდოღანმა განაცხადა, რომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაიწყო. იზმირის მერმა ჯემილ ტუგაიმ მანამდე აღნიშნა, რომ დაღუპულთა და დაშავებულთა ზუსტი რაოდენობის დადგენა მხოლოდ ნანგრევების გაწმენდის შემდეგ გახდება შესაძლებელი.
თვითმხილველებმა სააგენტო Anadolu-ს მძლავრი აფეთქებისა და ქარხნის თავზე შავი, სქელი კვამლის შესახებ უამბეს. გავრცელებულ ვიდეოკადრებში ერთ-ერთი საწარმოო კორპუსის თავზე გაჩენილი ხანძარი და ჰაერში ავარდნილი მტვრის ღრუბლები ჩანს.