აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ვაშინგტონში შეხვედრა გამართა რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდის ხელმძღვანელთან, რუსეთის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელთან, კირილ დმიტრიევთან. საუბრის დასრულების შემდეგ, თეთრი სახლის ლიდერმა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის დასრულების მიზნით მასშტაბური შეთანხმების გაფორმების შესაძლებლობაზე მიანიშნა.

"ეს იქნება მასშტაბური შეთანხმება და ის მხოლოდ უკრაინას არ შეეხება. მე ვიტყოდი, რომ ის, შესაძლოა, მთელ ევროპას შეეხოს. ეს იქნება დიდი, შესანიშნავი შეთანხმება და ყველა აღფრთოვანებული დარჩება", — განაცხადა ამერიკელმა ლიდერმა ჟურნალისტების შეკითხვებზე პასუხის გაცემისას. ამასთან, ტრამპმა უარი განაცხადა დაეკონკრეტებინა, თუ რაზე ისაუბრა კრემლის წარმომადგენელთან.

თეთრი სახლის ლიდერი ვაშინგტონში მყოფ უკრაინის წარმომადგენლებს არ შეხვედრია. რამდენიმე საათით ადრე, აშშ-ის პირველმა ლედიმ, მელანია ტრამპმა მიიღო რუსეთის ადამიანის უფლებათა რწმუნებული იანა ლანტრატოვა და კირილ დმიტრიევი, ასევე უკრაინის უმაღლესი რადას ადამიანის უფლებათა რწმუნებული დმიტრო ლუბინეცი და საპარლამენტო ფრაქცია "ხალხის მსახურის" ხელმძღვანელი დავით არახამია. პრეზიდენტ ტრამპის მეუღლემ იმედი გამოთქვა, რომ მისი მონაწილეობით მიღწეული ექვსდღიანი ზავი რუსეთის მიერ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში, უფრო მყარ მშვიდობას მოიტანს.