უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აპირებს, მიმართოს აშშ-ის განახლებულ კონგრესს — რომელშიც შუალედური არჩევნების შემდეგ უმრავლესობას დემოკრატიული პარტიის წევრები შეადგენენ — თხოვნით, გააძლიეროს ზეწოლა მოსკოვზე, თუკი ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ვერ შეძლებს კრემლის ლიდერის, ვლადიმერ პუტინის დარწმუნებას, 2026 წლის ბოლომდე შეწყვიტოს ომი უკრაინის წინააღმდეგ. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა სააგენტო Bloomberg-თან ინტერვიუში განაცხადა.
კერძოდ, თუკი კიევისთვის მისაღები სამშვიდობო შეთანხმება ვერ მიიღწევა, უკრაინა შეეცდება, მიაღწიოს ვაშინგტონის მხრიდან სამხედრო დახმარების მნიშვნელოვანი პაკეტის გამოყოფასა და რუსეთის წინააღმდეგ უფრო მკაცრი სანქციების დაწესებას.
"აუცილებელია უკრაინის მხარდაჭერის ისეთი დონე და ისეთი სანქციები, რომლებიც რუსებისთვის მკაფიო სიგნალი იქნება. დადგა დრო, დავსხდეთ მოლაპარაკებების მაგიდასთან და ბოლო მოვუღოთ ომს", - განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკის თქმით, ამერიკელი სპეციალური წარმომადგენლები ჯარედ კუშნერი და სტივენ უიტკოფი სამშვიდობო შეთანხმების რაც შეიძლება სწრაფად, იდეალურ შემთხვევაში კი — იანვრის დასაწყისამდე გაფორმებას მოითხოვენ. თუმცა, უკრაინის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ პროცესში უკრაინას მნიშვნელოვანი დათმობებისკენ მოუწოდებენ, მაშინ როცა პუტინი ომის დასრულების მზაობის არანაირ ნიშანს არ ავლენს.
"ჩვენ გვესმის, რა შეიძლება იყოს ამის ფასი. ჩვენც ძალიან გვინდა მშვიდობა, ოღონდ არა მხოლოდ უკრაინის ხარჯზე", — აღნიშნა მან.