აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, კონგრესზე კონტროლის დემოკრატიული პარტიის ხელში გადასვლის შემთხვევაში, მისი წარმომადგენლების ყველა საკანონმდებლო ინიციატივის უარყოფას გეგმავს. ამის შესახებ მან Fox News-ის წამყვან მირანდა დევაინთან პოდკასტ Pod Force One-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. "თუ ეს მოხდება, მე გავხდები მისტერ ვეტო", - პირობა დადო ამერიკის პრეზიდენტმა.
ტრამპმა დასძინა, რომ ამ უფლებამოსილების რეგულარულად გამოყენებას აპირებს, რათა კონგრესში დემოკრატები აიძულოს, მასთან შეთანხმებაზე წავიდნენ.
აშშ-ის კონგრესის შუალედური არჩევნები 3 ნოემბერს გაიმართება. სოციოლოგიური კვლევების შედეგების თანახმად, რესპუბლიკელები, რომლებიც ტრამპის პარტიას წარმოადგენენ, ამომრჩეველთა მხარდაჭერის დონით დემოკრატებს ჩამორჩებიან.
დემოკრატიულ პარტიას შეუძლია, მნიშვნელოვნად გაზარდოს თავისი წარმომადგენლობა წარმომადგენელთა პალატაში, ასევე მოიპოვოს მცირე უპირატესობა სენატში - კონგრესის ზედა პალატაში.
პრეზიდენტი მხარს უჭერს თანაპარტიელებს კამპანიის მიმდინარეობისას, სტუმრობს ამერიკის შტატებს და მოქალაქეებს რესპუბლიკელი კანდიდატებისთვის ხმის მიცემისკენ მოუწოდებს.
სექტემბერში ტრამპი დაჰპირდა, რომ რესპუბლიკელების გამარჯვების შემთხვევაში, თითოეულ სრულწლოვან ამერიკელს 5,000 დოლარს გადაუხდის. ამ ინიციატივას მან "ტრამპის დივიდენდი" უწოდა.
ოქტომბრის შუა რიცხვებში მისი გუნდის წარმომადგენლებმა შეიტანეს სარჩელი ალასკაში არჩევნების შედეგების გაუქმების მოთხოვნით, თუკი გამარჯვებას დემოკრატიული პარტიის კანდიდატი მოიპოვებს. თუმცა, 1 ნოემბერს ფედერალურმა მოსამართლემ ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარი თქვა.