მამაკაცი, რომელმაც 7 ნოემბერს კრაკოვის მთავარ საბაზრო მოედანზე გამვლელებს ცეცხლი გაუხსნა, საავადმყოფოში გარდაიცვალა. ამის შესახებ პოლიციამ 9 ნოემბრის დილას, მიკრობლოგ X-ზე გაავრცელა ინფორმაცია.
"გაცნობებთ, რომ ტრაგიკული მოვლენების დამნაშავე დღეს დილით საავადმყოფოში გარდაიცვალა", - ნათქვამია პოსტში.
მალოპოლსკის სავოევოდოს ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ კრაკოვში სავარაუდო ტერაქტის შედეგად დაშავებული 15 პირის მდგომარეობა უცვლელი რჩება. "ამ ადამიანებიდან 14-ის მდგომარეობა ფასდება, როგორც სტაბილური. ერთ-ერთი დაჭრილი – პოლიციელი, რომელიც უშუალოდ მონაწილეობდა დამნაშავის დაკავებაში, – კვლავ მძიმე მდგომარეობაშია", - დასძინა მან და აღნიშნა, რომ პოლიციელი 8 ნოემბერს კომიდან გამოვიდა.
7 ნოემბერს, დღისით, შეიარაღებული 24 წლის მამაკაცი მანქანით შეიჭრა კრაკოვის მთავარ საბაზრო მოედანზე და გამვლელებს ცეცხლი გაუხსნა. სროლის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა: ოთხი ქალი და ორი მამაკაცი. 15-მა ადამიანმა მიიღო ჭრილობები, მათ შორის, ორმა პოლიციელმა. მსროლელი პოლიციასთან ორმხრივი სროლისას დაიჭრა და მძიმე მდგომარეობაში გადაიყვანეს საავადმყოფოში.
მოგვიანებით, პოლონეთის პოლიციამ ეჭვმიტანილის სახლში მისი მამის, დედისა და დის ცხედრები აღმოაჩინა. გამოძიების ვერსიით, ორივე დანაშაულში ერთი და იგივე პირია გარეული. როგორც პოლონეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, მსროლელი ქვეყნის მოქალაქეა. მამაკაცს ორი ერთეული ცეცხლსასროლი იარაღის ფლობის ნებართვა ჰქონდა.