სომხეთის ეროვნულმა კრებამ მოახდინა აშშ-სთან სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ ჩარჩო შეთანხმების რატიფიცირება, რომელიც ეხება პროექტს "ტრამპის მარშრუტი საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის" (TRIPP). ეს არის სატრანზიტო დერეფანი ირანის საზღვრის გასწვრივ, რომელიც აზერბაიჯანიდან ქვეყნის ექსკლავში, ნახიჩევანში მიდის. ამის შესახებ სომხეთის სახელმწიფო სააგენტო Armenpress იუწყება.
მომხრე 63 დეპუტატი იყო, ხოლო 32 – წინააღმდეგი.როგორც Armenpress აღნიშნავს, დოკუმენტს მხარი დაუჭირეს მმართველი პარტიის, "სამოქალაქო ხელშეკრულების" წარმომადგენლებმა, რომელმაც ივნისის არჩევნების შედეგად 64 მანდატი მოიპოვა. რატიფიკაციის წინააღმდეგ გამოვიდნენ ოპოზიციური პრორუსული ფრაქციების - "ძლიერი სომხეთისა" და "სომხეთის" დეპუტატები.
შეთანხმება პარლამენტში საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა წარადგინა, რომელმაც მაისის ბოლოს ერევანში მისი პარაფირება მოახდინა, ხოლო ივნისში სომხეთის სახელით ხელი მოაწერა მას. ამერიკულ მხარეს წარმოადგენდა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელი მარკო რუბიო. მირზოიანის თქმით, TRIPP-ის ფარგლებში სომხეთის ტერიტორიაზე დაგეგმილი ინფრასტრუქტურა ქვეყნის იურისდიქციის ქვეშ იფუნქციონირებს, ამასთან, პროექტის მმართველი კომპანიის მფლობელი აშშ-ის მთავრობა იქნება.
დოკუმენტი, სხვა საკითხებთან ერთად, TRIPP-ის დერეფნის შექმნასაც ითვალისწინებს. მარშრუტის სიგრძე, დაახლოებით, 43 კმ-ია. პროექტის ფარგლებში ნავარაუდევია საავტომობილო, სარკინიგზო და ნავთობგაზის ინფრასტრუქტურის მშენებლობა.
სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტის ტექსტში მითითებულია, რომ TRIPP-ის მმართველ კომპანიაში 74%-იანი წილი ამერიკულ მხარეს ეკუთვნის, ხოლო დანარჩენი 26% - სომხურს. შეთანხმება 49 წელზეა გათვლილი, რის შემდეგაც მისი გახანგრძლივება კიდევ 50 წლით იქნება შესაძლებელი იმ პირობით, რომ აშშ-სთან ერთობლივ კომპანიაში სომხეთის წილი 49%-მდე გაიზრდება.