სომხეთის პარლამენტის დეპუტატების ჯგუფმა სხდომათა დარბაზში ჩხუბი მოაწყო. ინციდენტის მონაწილეთა ზუსტი რაოდენობა უცნობია, თუმცა ადგილობრივი მედიის მიერ გავრცელებული ვიდეოჩანაწერების მიხედვით, მასში მონაწილეობა მმართველი პარტიის, "სამოქალაქო შეთანხმების" და ოპოზიციური ბლოკის, "ძლიერი სომხეთის" რამდენიმე ათეულმა წარმომადგენელმა მიიღო.
სომხეთის ეროვნული კრების სხდომაზე ვითარება "სამოქალაქო შეთანხმების" დეპუტატის, ტარონ ჩახოიანის გამოსვლის დროს გამწვავდა. მისმა განცხადებებმა ოპოზიციონერი პარლამენტარების მწვავე რეაქცია გამოიწვია - დეპუტატებს შორის სიტყვიერი შელაპარაკება დაიწყო, რაც შეხლა-შემოხლასა და ჩხუბში გადაიზარდა.
როგორც გამოცემა News.am იუწყება, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ვააგნ ალექსანიანმა ოპოზიციონერების მიმართულებით სკამი ისროლა. ერთ-ერთ დეპუტატს ცხვირიდან სისხლი წამოუვიდა, მეორეს კი ტანსაცმელი შემოეხა.
პარლამენტის თავმჯდომარემ, რუბენ რუბინიანმა თავდაპირველად უარი თქვა სხდომის შეწყვეტაზე და განაცხადა, რომ ყველამ უნდა ნახოს, თუ რა ხდება ქვეყნის პარლამენტში. თუმცა მას შემდეგ, რაც დეპუტატებმა ერთმანეთს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, შესვენება გამოცხადდა და დარბაზში უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები შევიდნენ. ამავდროულად, მედიის ცნობით, კონფლიქტი ფოიეშიც გაგრძელდა.