შვეიცარიის ფედერალურმა საბჭომ გადაწყვიტა, შეუერთდეს რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების რიგით მე-14 პაკეტს, – ამის შესახებ ინფორმაციას შვეიცარიის მთავრობა ავრცელებს. ზომები 27 აგვისტოდან შევა ძალაში.
მანამდე, 9 ივლისს შვეიცარიამ სანქციების სიას 69 ადამიანი და 47 ორგანიზაცია დაამატა. ახალი ზომების თანახმად, გახანგრძლივდა ვადები რუსეთიდან ინვესტიციების გატანის ნებართვების გასაცემად, რათა შვეიცარიულმა კომპანიებმა ლეგალურად შეწყვიტონ თავიანთი საქმიანობა ქვეყანაში.
რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მე-14 პაკეტი მიღებულ იქნა 2024 წლის 24 ივნისს და ის მოიცავს უამრავ ახალ შემაკავებელ ზომას. მათი მიზანია რუსეთის ეკონომიკაზე ზეწოლის გაზრდა და ადრე დაწესებული სანქციებისთვის გვერდის ავლის თავიდან აცილება. ეს ზომები მოიცავს რუსეთის მთავრობის მიერ ევროკავშირში პოლიტიკური პარტიების დაფინანსების აკრძალვას და რუსეთიდან ჰელიუმის იმპორტის აკრძალვას.