ფინეთის კვალდაკვალ, ჩეხეთისა და შვედეთის ხელისუფლებაც უარს ეტყვის რუს სპორტსმენებს თავიანთ ტერიტორიაზე შეჯიბრებებში მონაწილეობის მიზნით შესვლაზე. "სანამ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესია გრძელდება, ჩვენ ვერ დავუშვებთ რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზებას საერთაშორისო სპორტის გზით", — განაცხადა შვედეთის სპორტის მინისტრმა იაკობ ფორსმედმა.

თავის მხრივ, მიგრაციის საკითხთა მინისტრმა იოჰან ფორსელმა აღნიშნა, რომ შვედეთი არ აპირებს რუსული სამხედრო პროპაგანდის პლატფორმად ქცევას. ამასთანავე, შვედეთს არ შეუძლია, ავტომატურად გადმოიღოს ფინეთისა და ნორვეგიის მიდგომა, რომლებმაც უკვე გამოაცხადეს რუსი სპორტსმენებისთვის შესვლის შეზღუდვის შესახებ, რადგან თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაზე გადაწყვეტილებას დამოუკიდებელი უწყებები იღებენ.

ფორსელმა ასევე განმარტა, რომ ევროკავშირის კანონმდებლობა იძლევა შესვლაზე უარის თქმის საშუალებას, თუ პირი საფრთხეს უქმნის ქვეყნის საერთაშორისო ურთიერთობებს. ამიტომ სტოკჰოლმში მთავრობამ შესაბამის ორგანოებს სთხოვა, გადაწყვეტილებები გამოცხადებული პოზიციის შესაბამისად მიიღონ. სხვა ღონისძიებებთან ერთად, შვედეთში სათხილამურო სპორტის სახეობებში მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართება, რომელიც თებერვლის ბოლოს დაიწყება.

იმავე დღეს ანალოგიური განცხადება ჩეხეთის ხელისუფლებამაც გააკეთა. ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმა ლუბომირ მეტნარმა განაცხადა, რომ რუს სპორტსმენებს არ შეუშვებენ ჩეხეთში, სადაც იანვარში 18 წლამდე გოგონათა შორის ჰოკეის მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართება. რუს ათლეტებზე ვიზები არ გაიცემა, — აღნიშნა მან საზოგადოებრივი მაუწყებლის, ეთერში.

ამავდროულად, შვეიცარიის ხელისუფლება, რომელიც 11–13 დეკემბერს სათხილამურო რბოლაში მსოფლიო თასის ეტაპს მასპინძლობს, ნეიტრალური სტატუსის მქონე რუსი მოთხილამურეების სავიზო განაცხადებს ინდივიდუალური წესით, მოქმედი რეგულაციების შესაბამისად განიხილავს. "თუ ვიზის გაცემის ყველა მოთხოვნა დაცულია, ის, როგორც წესი, გაიცემა", — განაცხადეს შვეიცარიის მიგრაციის სახელმწიფო სამდივნოში.