გერმანიის პრეზიდენტმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა ჩინეთს მოუწოდა, გადახედოს რუსეთისადმი დამოკიდებულებას უკრაინის წინააღმდეგ მის მიერ გაჩაღებული ომის კონტექსტში, ასევე დაფიქრდეს სავაჭრო პოლიტიკის ცვლილებებზე. შესაბამისი განცხადება მან პეკინის უნივერსიტეტში სტუდენტების წინაშე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა, საპატიო პროფესორის წოდების მინიჭებასთან დაკავშირებით.

"ჩინეთი გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრია და მჭიდრო კავშირებს ინარჩუნებს რუსეთთან. მოდით, ერთად მივაღწიოთ იმას, რომ რუსეთმა შეწყვიტოს თავისი თავდასხმები და სერიოზულ მოლაპარაკებებში ჩაერთოს," - განაცხადა შტაინმაიერმა.

მისი თქმით, რუსეთის ფედერაციამ "კონფრონტაციის გზა აირჩია". ამასთან დაკავშირებით, პოლიტიკოსმა გაიხსენა აგვისტოს დასაწყისში ლაიფციგის აეროპორტში ასაფეთქებელი ნივთიერებების მქონე დრონის აღმოჩენის ფაქტი. "რამდენიმე თვის წინ აეროპორტი გერმანიის გულში უპილოტო საფრენი აპარატების თავდასხმის სამიზნე გახდა და დამნაშავეების კვალი რუსეთისკენ მიდის. ჩვენ ამას ვერ შევეგუებით. ევროპის უსაფრთხოება ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ინტერესია," - აღნიშნა გერმანიის პრეზიდენტმა.

პოლიტიკოსმა ასევე კომენტარი გააკეთა მსოფლიო ვაჭრობაში ჩინეთის როლზე. შტაინმაიერმა პეკინს სავაჭრო პოლიტიკის გადახედვისკენ მოუწოდა, ქვეყნის საექსპორტო პროფიციტის ზრდის გათვალისწინებით. "ჩინეთის სწრაფვა მეტი დამოუკიდებლობისკენ არ უნდა იწვევდეს იმას, რომ სხვა ქვეყნები, პირიქით, მის წინაშე სულ უფრო დამოკიდებულნი და მოწყვლადნი ხდებიან," - განმარტა მან.

მისი თქმით, ევროპის ქვეყნები ვერ დაეთანხმებიან იმას, რომ სახელმწიფოს მიერ სუბსიდირებული ჩინური საქონელი უზარმაზარი მოცულობით შემოდის ადგილობრივ ბაზრებზე, ხოლო ევროპულ კომპანიებს ჩინეთის ბაზარზე წვდომა საერთოდ არ აქვთ, ან ეს წვდომა მკაცრად შეზღუდულია. შტაინმაიერმა ასევე დაუშვებლად მიიჩნია ევროპის სამრეწველო ბაზის დაკარგვა.

"ჩვენი, როგორც ევროპელების, მიზანი გასაგებია: ჩვენ არ გვინდა ჩინეთთან კავშირების გაწყვეტა, არამედ, პირიქით - ვცდილობთ ვაჭრობის ორგანიზებას ისე, რომ ის კვლავინდებურად სარგებლიანი იყოს ორივე მხარისთვის," - განაცხადა გერმანიის პრეზიდენტმა. მან აღნიშნა, რომ კონკურენცია ეფექტური და სასარგებლოა მაშინ, როდესაც ის "სამართლიან და ერთიან წესებს ეფუძნება".