სამხრეთ კორეის მთავრობამ გადაწყვიტა, უკრაინიდან თავისი ელჩი სამშობლოში გაიწვიოს, იტყობინება ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრო ხუთშაბათს. საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესრელიზში ნათქვამია, რომ სეულის მთავრობა ორ ქვეყანას შორის არსებული ყველა გადაუჭრელი საკითხის მეგობრულად მოგვარების იმედს გამოთქვამს და უკრაინულ მხარესთან კონსულტაციების გაგრძელებას გეგმავს.
ელჩის გაწვევის შესახებ გადაწყვეტილება სეულსა და კიევს შორის ურთიერთობების გამწვავების ფონზე იქნა მიღებული, მას შემდეგ, რაც უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სამხრეთ კორეისთვის ორი ჩრდილოკორეელი სამხედრო ტყვის გადაცემის შესახებ ინფორმაცია გაასაჯაროვა. სამხედროები რუსეთის კურსკის ოლქში გასული წლის დასაწყისში მიმდინარე ბრძოლების დროს დაატყვევეს.
მანამდე სამხრეთ კორეამ უკრაინის ელჩი დაიბარა და "შემდგომი ზომებით" დაიმუქრა, თუმცა არ დაუკონკრეტებია, თუ რა ნაბიჯებზე იყო საუბარი. სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა ლი ჯე-მიუნგმა ოფიციალური ბოდიშის მოხდა მოითხოვა იმის შიშით, რომ ინფორმაციის გამჟღავნებამ შესაძლოა, სამხედრო ტყვეების ოჯახებს საფრთხე შეუქმნას.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ მომხდარს "დიპლომატიური გაუგებრობა" უწოდა.
სამხრეთ კორეის ელჩის გაწვევას ასევე მოჰყვა ამ კვირაში გავრცელებული ინფორმაცია ივლისსა და აგვისტოში სამხრეთ კორეიდან რუსეთში 176 ათას ტონაზე მეტი საწვავის (ძირითადად დიზელის) მიწოდების შესახებ. ამ მონაცემებმა გამოიწვია ბრალდებები იმის თაობაზე, რომ სეული რუსეთს, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ აგრესიულ ომს აწარმოებს, საწვავის დეფიციტის შევსებაში ეხმარება.
სამხრეთ კორეის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში უარყვეს ცნობები რუსეთისთვის საწვავის მიწოდების შესახებ, რაც ეწინააღმდეგება მოსკოვის წინააღმდეგ სეულის მიერ დაწესებულ მოქმედ სანქციებს. ადმინისტრაციის წარმომადგენელმა კან იუ ჯონგმა 7 ოქტომბერს განაცხადა, რომ სამხრეთ კორეის მთავრობა რუსეთის უკრაინაში შეჭრის დღიდან თანმიმდევრულად აწესებდა სანქციებსა და საექსპორტო კონტროლს რუსეთის მიმართ, საერთაშორისო საზოგადოებასთან მჭიდრო თანამშრომლობით.
მისი თქმით, მთავრობა ამოწმებს შესაძლო დარღვევებს და აპირებს, მიიღოს აუცილებელი ზომები, თუ პრობლემები გამოვლინდება. "ჩვენ ასევე ვთხოვთ უკრაინას, თავი შეიკავოს კორეის რესპუბლიკის შესაბამისი პოლიტიკის დამახინჯებისგან ფაქტების სათანადო გადამოწმების გარეშე და ისეთი საჯარო განცხადებებისგან, რომლებმაც შეიძლება, შეარყიოს საერთაშორისო ნდობა კორეის მიმართ," - დასძინა მან.
თავის მხრივ, სამხრეთ კორეის პრეზიდენტთან არსებული ეროვნული უსაფრთხოების სამმართველოს წარმომადგენელმა განმარტა, რომ ოფიციალური სავაჭრო სტატისტიკის თანახმად, 2025 წლის აგვისტოდან 2026 წლის აგვისტომდე სამხრეთ კორეიდან რუსეთში დიზელის საწვავის, ბენზინის ან საავიაციო საწვავის მიწოდება არ განხორციელებულა.