5 ნოემბერს, საფრანგეთის დიდ ქალაქებში კვლავ გაიმართა მასშტაბური დემონსტრაციები, რომელთა მონაწილეებიც მინიმალური ხელფასის გაზრდას ითხოვდნენ.
საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, აქციებში დაახლოებით 575 ათასმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, მაშინ როცა საფრანგეთის უდიდესი პროფკავშირის, CGT-ს შეფასებით, მონაწილეთა რაოდენობამ 1,6 მილიონს მიაღწია. აქციები მთელი საფრანგეთის მასშტაბით გაიმართა.
საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ ისეთ ქალაქებში, როგორიცაა მარსელი, ნანტი, ლიონი, ბორდო და სტრასბურგი, პოლიციელებს თავს დაესხნენ ასობით "რადიკალურად განწყობილი მემარცხენე ექსტრემისტისგან" შემდგარი ჯგუფები. წინასწარი მონაცემებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით ცეცხლის წაკიდების 86 შემთხვევა დაფიქსირდა.
შრომის ფრანგული დემოკრატიული კონფედერაციის (CFDT) ხელმძღვანელმა, მარილიზ ლეონმა მინიმალური ხელფასის გადასახადების დაქვითვის შემდეგ თვეში 100 ევროთი გაზრდისკენ მოუწოდა.
"საფრანგეთი ევროპული ქვეყანაა, სადაც ბოლო 10 წლის განმავლობაში მინიმალური ხელფასი ყველაზე ნაკლებად გაიზარდა. ჩვენ ვიქეცით დაბალი ანაზღაურების დონის მქონე ქვეყნად", — განაცხადა შრომის საყოველთაო კონფედერაციის (CGT) ხელმძღვანელმა, სოფი ბინემ.
ამჟამად, მინიმალური საათობრივი ანაზღაურება საფრანგეთში 12,31 ევროს შეადგენს (გადასახადების დაქვითვამდე). 35-საათიანი სამუშაო კვირის პირობებში, ეს თვეში დაახლოებით 1867 ევროა.
ოქტომბრის ბოლოს, საფრანგეთში ცხოვრების ხარჯების ზრდისა და განათლების სისტემის არადამაკმაყოფილებელი მდგომარეობის წინააღმდეგ გამართულ მასობრივ საპროტესტო აქციებზე დაახლოებით ათასი ადამიანი დააკავეს.