ევროპის უმსხვილესმა ბიუჯეტურმა ავიაკომპანია Ryanair-მა განაცხადა, რომ გერმანიაში საქმიანობის მასშტაბური გაფართოების გეგმას მხოლოდ იმ შემთხვევაში განახორციელებს, თუ მთავრობა ავიაგადაზიდვებზე გადასახადებს მნიშვნელოვნად შეამცირებს. Ryanair-ის აღმასრულებელმა დირექტორმა მაიკლ ო’ლირიმ ბერლინში გამართულ პრესკონფერენციაზე გერმანიაში ავიაგადაფრენების კუთხით არსებული ვითარება გააკრიტიკა.
"გერმანია ევროპაში ავიაგადაზიდვების ის ბაზარია, რომელიც COVID-19-ის პანდემიის შემდეგ ყველაზე ცუდად აღდგა, რადგან კოლოსალური გადასახადების, აეროპორტის მოსაკრებლების, საჰაერო მოძრაობის მართვისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის გადასახადების გამო, ქვეყანაში ავიაგადაზიდვები უიმედოდ არაკონკურენტუნარიანი გახდა", — ციტირებს მის სიტყვებს სააგენტო dpa.
"Ryanair კანცლერ მერცსა და მის მთავრობას უნიკალურ შესაძლებლობას სთავაზობს, გარდატეხა შეიტანონ გერმანიის ავიაგადაზიდვების ჩამოშლის პირას მყოფ ბაზარზე და წაახალისონ ქვეყნის ეკონომიკა, რომელიც ზრდის დაბალ ტემპებს აჩვენებს", — დასძინა ო’ლირიმ.