რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ესტონეთი რუსეთთან ღია ომის გაჩაღების ზღვარზე მყოფ ქმედებებში დაადანაშაულა. უწყებაში ესტონეთის საქმეთა დროებითი რწმუნებული მარეკ იუჰტეგი დაიბარეს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო უწყებაში განაცხადეს.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აღნიშნეს, რომ ესტონეთი რუსეთის ჩრდილო-დასავლეთზე თავდასხმების განხორციელების მიზნით, უკრაინული დრონების გადაფრენისთვის საკუთარ საჰაერო სივრცეს ფარულად უთმობს. ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგუს ცაჰკნა მანამდე ხაზს უსვამდა, რომ ქვეყანას არცერთი უცხო სახელმწიფოსთვის არ მიუცია სამხედრო ოპერაციების ჩასატარებლად საკუთარი საჰაერო სივრცის ან საზღვაო აკვატორიის გამოყენების ნებართვა.
მანამდე, ნოემბრის შუა რიცხვებში, ესტონეთის უსაფრთხოების პოლიციამ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარმა სამმართველომ ტალინთან თავდაცვითი კომპანია Threod Systems-ის ობიექტის გადაწვის მცდელობა მოაწყო. ესტონეთმა განაცხადა, რომ საპასუხოდ, 1 დეკემბრიდან რუსეთთან საზღვარზე ყველა გამშვებ პუნქტს დახურავს.
მოსკოვმა ესტონეთს "ნაჩქარევი ბრალდებების" გამო, პასუხისმგებლობა დააკისრა. "სახელმწიფო საზღვრის დახურვა, უპირველეს ყოვლისა, მორიგ დარტყმას მიაყენებს ესტონეთის ეკონომიკას და ბუმერანგივით შემოუბრუნდება როგორც თავად ტალინს, ისე მის მოკავშირეებს ევროკავშირსა და NATO-ში", — ირწმუნებიან რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.
რუსეთის საგარეო უწყებაში ასევე განაცხადეს, რომ ტალინი ბალტიის ზღვაში რუსული სატვირთო გემების გადაადგილებისთვის დაბრკოლებების შექმნას ცდილობს, ოქტომბერში კი, ესტონეთის ტერიტორიის გავლით, რუსული და ბელორუსული მარცვლეულის ტრანზიტზე სრული აკრძალვა დააწესა.
გარდა ამისა, მოსკოვმა ტალინი რუსულენოვანი მოსახლეობის წინააღმდეგ რეპრესიულ ქმედებებსა და ესტონეთის მართლმადიდებელი ქრისტიანული ეკლესიის სრული ლიკვიდაციის მუქარაში დაადანაშაულა.