22 ნოემბერს, რუსეთის ჯარების მიერ უკრაინის მთელ რიგ რეგიონებზე განხორციელებული დარტყმების შედეგად რამდენიმე ათეული ადამიანი დაიღუპა, უგზო-უკვლოდ დაიკარგა და დაშავდა.

კერძოდ, კიევის ოლქზე განხორციელებული თავდასხმების შედეგად ათზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

კიევის ოლქის ბუჩის რაიონის ქალაქ ვიშნევოეში, რუსული ჯარების თავდასხმის შედეგად, სამი ადამიანი დაიღუპა, კიდევ 15 კი დაშავდა. კიევის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის მონაცემებით, დარტყმა სუპერმარკეტზე განხორციელდა, რომელშიც მყიდველები იმყოფებოდნენ. ერთ-ერთი დაშავებული მძიმე მდგომარეობაშია. შენობაში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. უკრაინული Telegram-არხები წერენ, რომ რუსული უპილოტო საფრენი აპარატი სავაჭრო ცენტრ "ნოვუსს" მოხვდა.

დნეპრში რუსული თავდასხმების შედეგად ქალი დაიღუპა, კიდევ ორი ადამიანი კი დაშავდა, — განაცხადა საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ალექსანდრ განჟამ.

მისი ინფორმაციით, დღის განმავლობაში რუსულმა ჯარებმა ოლქის ხუთ რაიონზე 40-ზე მეტი იერიში მიიტანეს უპილოტო საფრენი აპარატებით, არტილერიითა და ავიაბომბებით.

დონეცკის ოლქში რუსებმა სლავიანსკში მდებარე საცხოვრებელ სახლზე ავიაბომბი "ФАБ-500" ჩამოაგდეს, — იუწყება საოლქო პროკურატურა. ცნობილია ორი დაღუპულის — ქალისა და 56 წლის ადგილობრივი მცხოვრების შესახებ.