სამშაბათს, 13 ოქტომბრის ღამით, რუსეთმა უკრაინაზე კვლავ მასიური იერიში მიიტანა. წინასწარი მონაცემებით, ხარკოვზე რუსული თავდასხმის შედეგად, სამი ადამიანი დაიღუპა, კიდევ 11 კი - დაშავდა, განაცხადა ქალაქის მერმა იგორ ტერეხოვმა.

როგორც უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურში (ГСЧС) განაცხადეს, დარტყმა ქალაქის ხოლოდნოგორსკისა და შევჩენკოვსკის რაიონებში საცხოვრებელ კვარტლებსა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტებზე განხორციელდა. ერთ-ერთი რაკეტა ოთხსართულიან საცხოვრებელ სახლს მოხვდა და სადარბაზო მთლიანად გაანადგურა. ГСЧС აგრძელებს სამაშველო სამუშაოებს თავდასხმის ადგილზე, რადგან ნანგრევების ქვეშ შესაძლოა, ადამიანები იმყოფებოდნენ.

ორშაბათს, 12 ოქტომბრის საღამოს, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ბალისტიკური რაკეტებითა და უპილოტო საფრენი აპარატებით კიევზეც მიიტანეს იერიში.

როგორც ქალაქის მერმა ვიტალი კლიჩკომ განაცხადა, დარნიცის რაიონში დრონი 25-სართულიან შენობას მოხვდა 12-16 სართულების დონეზე, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა. კიევის საქალაქო პროკურატურის ინფორმაციით, საუბარია 59 წლის ქალსა და კიდევ ერთ ადამიანზე, რომელიც მრავალსართულიან სახლთან, ავტომობილში იმყოფებოდა. კიდევ 11-მა ადამიანმა მიიღო დაზიანებები.

ორშაბათს ღამით რუსეთმა ქალაქზე ბალისტიკური რაკეტებით განმეორებითი იერიში მიიტანა. როგორც უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებში განაცხადეს, სამხედროებს არ მიუღიათ ინფორმაცია რუსეთის ფედერაციის ტერიტორიიდან ბალისტიკური რაკეტების გაშვების შესახებ და ამიტომ, დროულად ვერ გამოაცხადეს საჰაერო განგაში.

ბალისტიკური სამიზნეები სარადარო საშუალებებით უშუალოდ კიევზე თავდასხმის დროს აღმოაჩინეს. მომხდარის მიზეზები ზუსტდება.