რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ და ფედერაციის საბჭომ მიიღეს ერთობლივი განცხადება, ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) საპარლამენტო ასამბლეაში რუსეთის დელეგაციის მონაწილეობის შეჩერებაზე. მოსკოვი ასევე შეწყვეტს მოსაკრებლის გადახდას.
"მიკერძოებული დისკრიმინაციული მიდგომები, ორმაგი სტანდარტები და ტოტალური რუსოფობია, საგნობრივი დისკუსიისთვის, მათ შორის თანაბარი და განუყოფელი უსაფრთხოების უზრუნველყოფის აქტუალურ საკითხებზე დისკუსიისთვის მზადყოფნის არქონა, მიუთითებს ეუთოს საპარლამენტო ურთიერთობის მექანიზმის უკიდურეს დეგრადაციაზე", - ნათქვამია განცხადებაში.
არსებულ სიტუაციაში “ბოლო წერტილად” რუსმა პარლამენტარებმა მიიჩნიეს რუმინეთის დემონსტრაციული უარი, ბუქარესტში ეუთო–ს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიურ სესიაში მონაწილეობის მისაღებად რუსეთის დელეგაციის წევრებისთვის ვიზები გაეცა.
რუსეთს არ მიუღია მონაწილეობა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მინიმუმ, ოთხ შეხვედრასა და სესიაში: დიდ ბრიტანეთში 2022 წელს, კანადასა და სომხეთში - 2023 წელს და წელს - ავსტრიაში. რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს საერთაშორისო საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელმა და რუსეთის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის ლიდერმა ლეონიდ სლუცკიმ თებერვალში განაცხადა, რომ ასამბლეის მუშაობის ფარგლებში რუსეთის დელეგაციის წევრები "არსად არ ყოფილან მიწვეული".
აპრილში სახელმწიფო სათათბიროს საბჭომ შეაჩერა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეისთვის შენატანების გადახდა 2023 წლისთვის. სახელმწიფო სათათბიროს თავმჯდომარის მოადგილემ პიოტრ ტოლსტოიმ განაცხადა, რომ რუსეთის მონაწილეობის შეჩერების შემდეგ ორგანიზაციის ბიუჯეტი შემოსავლების 6%-ს დაკარგავს.