ოქტომბრის ბოლოდან რუსეთის ნავთობგადასამუშავებელ ქარხნებზე უკრაინული დრონების განახლებულმა თავდასხმებმა რუსეთში ნავთობის გადამუშავების სიმძლავრის დაახლოებით 30%-ით შემცირება გამოიწვია, წერს Reuters ინდუსტრიაში არსებულ ორ წყაროზე დაყრდნობით.
თავდასხმები გააქტიურდა მას შემდეგ, რაც ენერგეტიკულ ობიექტებზე დარტყმების შეწყვეტის შესახებ შეთანხმების განხორციელება ვერ მოხერხდა, რის შესახებაც ადრე აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, აღნიშნავს Reuters. ინდუსტრიის წყაროებისა და ოფიციალური პირების ცნობით, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში უკრაინულმა თავდასხმებმა რუსეთის 35 მსხვილი ნავთობგადასამუშავებელი ქარხნიდან ცხრაში მუშაობის შეფერხება და საგანგებო სიტუაციების წარმოქმნა გამოიწვია.
ოქტომბრის ბოლოდან თავდასხმების შედეგად დაზარალებული რუსული ნავთობგადასამუშავებელი ქარხნების ჯამური საპროექტო დღიური სიმძლავრე დაახლოებით 300 000 მეტრულ ტონას (დაახლოებით 2,2 მლნ ბარელი) შეადგენს. შედარებისთვის: რუსეთში ნავთობის პირველადი გადამუშავების საერთო სიმძლავრე დღეში დაახლოებით 930 000 ტონას შეადგენს, ხოლო ოქტომბრის ბოლოს რუსული ქარხნები დღეში დაახლოებით 700 000 ტონა ნედლ ნავთობს ამუშავებდნენ, წერს Reuters.
რუსეთის ნავთობგადასამუშავებელ ქარხნებში ნავთობის გადამუშავების მოცულობის ფაქტობრივმა შემცირებამ, შესაძლოა, დღეში 200 000 ტონას მიაღწიოს, მიიჩნევენ სააგენტოს წყაროები. უკრაინული დარტყმების შედეგად დაზარალებულ საწარმოებს შორისაა რიაზანის, იაროსლავლისა და ვოლგისპირეთის ნავთობგადასამუშავებელი ქარხნები. წინა დღით უპილოტო საფრენი აპარატები თავს დაესხნენ კირიშის ნავთობგადასამუშავებელ ქარხნას, რომელიც სიდიდით მეორეა რუსეთში. საწარმო ქვეყანაში ნავთობგადამუშავების 7%-ს უზრუნველყოფს.