აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ 211 ხმით 204-ის წინააღმდეგ, მხარი დაუჭირა რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლების წინადადებას, თავდაცვის მინისტრის, პიტ ჰეგსეთის იმპიჩმენტის შესახებ რეზოლუცია პალატის იურიდიულ კომიტეტს გადაეცეს. ვინაიდან ამ კომიტეტს რესპუბლიკელები აკონტროლებენ, ჰეგსეთის თანამდებობიდან გადაყენების ინიციატივა ამით ფაქტობრივად, დაბლოკილია კონგრესის შემდეგი მოწვევის მუშაობის დაწყებამდე, აღნიშნავს სააგენტო Reuters.
ახალი მოწვევის კონგრესი მუშაობას 2027 წლის 3 იანვარს დაიწყებს. ნოემბერში გამართული შუალედური არჩევნების შედეგების მიხედვით, დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლებს უმრავლესობა ექნებათ როგორც ქვედა — წარმომადგენელთა პალატაში, ისე სენატში. როდესაც ეს უმრავლესობა ძალაში შევა, დემოკრატებს შეეძლებათ, მინისტრის გადაყენების კიდევ ერთი მცდელობა განახორციელონ. წარმომადგენელთა პალატაში ამისათვის ხმების უბრალო უმრავლესობა იქნება საჭირო, სენატში კი — ორი მესამედი. აქამდე აშშ-ის სამხედრო უწყების ხელმძღვანელისთვის ისტორიაში იმპიჩმენტი არასდროს გამოუცხადებიათ.
ჰეგსეთის იმპიჩმენტის შესახებ რეზოლუციის პროექტი თავდაცვის მინისტრის თანაპარტიელმა - რესპუბლიკელმა კონგრესმენმა კენტუკის შტატიდან, თომას მესიმ წარადგინა. მან აშშ-ის სამხედრო უწყების ხელმძღვანელი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში დაადანაშაულა, კერძოდ, ირანში კონგრესის ნებართვის გარეშე დაწყებული ომის გამო.
ჰეგსეთმა ბრალდებები უარყო და მათ ფარსი უწოდა. "ისტორია ირანის ომს სრულიად სხვაგვარ შეფასებას მისცემს, ვიდრე ის, რაც დღეს საზოგადოებრივ აზრში ჭარბობს", - განაცხადა მინისტრმა პენტაგონში გამართულ პრესკონფერენციაზე. მას მხარი აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დაუჭირა.