ბუნდესვერს კვლავაც შეუძლია, მიიღოს ახალწვეულთა საჭირო რაოდენობა სავალდებულო სამხედრო სამსახურში დაბრუნების გარეშე. ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა მედიაჯგუფ Funke-ს გამოცემებთან ინტერვიუში განაცხადა. პისტორიუსმა შეახსენა, რომ ამჟამად გერმანიის არმიაში დაახლოებით 190 000 სამხედრო მოსამსახურე მსახურობს — ეს ბოლო 13 წლის რეკორდული მაჩვენებელია.

"თუ ეს კურსი შენარჩუნდება, ჩვენ არ შეგვექმნება პრობლემები რიცხოვნობის გაზრდასთან დაკავშირებით, ამა თუ იმ ფორმის სამხედრო სამსახურის გარეშეც", - აღნიშნა მან.

თუმცა, გერმანიის სამხედრო უწყების ხელმძღვანელმა არ გამორიცხა, რომ ორ-სამ წელიწადში პირადი შემადგენლობის მიღების ტემპი შესაძლოა, შემცირდეს — და მაშინ ზომების მიღება გახდება საჭირო.

გერმანიაში ახალგაზრდების ბოლოდროინდელი საპროტესტო აქციების კომენტირებისას, რომელთა მონაწილეებიც, კერძოდ, სავალდებულო გაწვევის წინააღმდეგ გამოდიოდნენ, პისტორიუსმა აღნიშნა, რომ გაგებით ეკიდება ახალგაზრდების შიშებს.

"თუმცა, როდესაც დემონსტრაციებზე ისმის სიტყვები: ჩვენ არ გვინდა ფრონტზე წასვლა და არ გვინდა ომში სიკვდილი, - მე შემიძლია, მხოლოდ ერთი რამ გიპასუხოთ: ჩვენც ზუსტად იგივე გვსურს", - განაცხადა გერმანიის თავდაცვის მინისტრმა. მისი თქმით, სწორედ ამიტომ არის საჭირო ძლიერი შეიარაღებული ძალები.

გერმანიის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელმა ასევე განაცხადა, რომ ბუნდესვერში მეტი ქალის მოზიდვას გეგმავს.