დარტყმები რუსეთის სიღრმეში, რომლებიც, პოლიტიკურ საკითხებში აშშ-ის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ელბრიჯ კოლბის მტკიცებით, რუსეთის მოსახლეობისთვის ზიანის მიყენებისკენ არის მიმართული, არ უწყობს ხელს ომის დასრულებას ან ფრონტზე რუსული ჯარების წინსვლის შეკავებას. ასეთი შეფასება მან ბრიუსელში, NATO-ს შტაბ-ბინაში, უკრაინის თავდაცვის საკითხთა საკონტაქტო ჯგუფის სხდომის გახსნაზე გამოთქვა.
"ასეთმა დარტყმებმა, განსაკუთრებით სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, მაგალითად, Wildberries-ის ობიექტებზე, სავარაუდოდ, გააძლიერა რუსული საზოგადოების სიმტკიცე და თავად კრემლის მზადყოფნა ესკალაციისთვის", — განაცხადა კოლბიმ. ამგვარად, მან რუსული სავაჭრო პლატფორმის ობიექტები სამოქალაქო ინფრასტრუქტურას მიაკუთვნა.
პენტაგონის წარმომადგენლის შეფასებით, შორ მანძილზე დარტყმების გაცვლისას უპირატესობა სავსებით შესაძლებელია, მოსკოვის მხარეს აღმოჩნდეს. ამასთან, უკრაინაზე, მათ შორის, ქალაქებსა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე რუსეთის დარტყმების შესახებ კოლბის თავის გამოსვლაში არ უსაუბრია.
კოლბიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს არ ნიშნავს იმას, თითქოს უკრაინა უნდა აიძულონ, იომოს ზურგს უკან ხელებშეკრულმა. მისი თქმით, პარტნიორების დახმარება, უპირველეს ყოვლისა, უნდა აძლევდეს უკრაინის ჯარებს ფრონტის ხაზის შენარჩუნებისა და, სადაც შესაძლებელია, წინსვლის საშუალებას. მან განმარტა, რომ ამ ამოცანაში შედის დარტყმები ფრონტზე მყოფ რუსულ ძალებსა და მათ უშუალო მომმარაგებელ ობიექტებზე. რუსეთის სამხედრო მანქანაზე დარტყმებს ასევე, შეუძლია, რუსეთის ფედერაციის ჯარების წინსვლის შენელება, აღიარა კოლბიმ.
პენტაგონის ხელმძღვანელის მოადგილის აზრით, რუსული ჯარების წარმატებული შეკავება არსებითად ამცირებს იმ სარგებელს, რომლის იმედიც მოსკოვს შეიძლება, ომის გაგრძელების შემთხვევაში ჰქონდეს.