მონღოლეთის პრეზიდენტმა უხნააგიინ ხურელსუხმა ჩინეთის საზღვართან რკინიგზის მშენებლობისას 25 მილიონი დოლარის ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებების ფონზე გადადგომის განზრახვის შესახებ განაცხადა, — ამის შესახებ სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო Montsame-მ გაავრცელა ინფორმაცია.
ერთი დღით ადრე ოპოზიციურმა დემოკრატიულმა პარტიამ 58 წლის პოლიტიკოსს უფლებამოსილების მოხსნისკენ მოუწოდა და სამთო-მოპოვებით დარგში ფულადი ნაკადების შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის შექმნა მოითხოვა. კერძოდ, საუბარია უმსხვილესი სახელმწიფო საწარმოს, Erdenes Tavan Tolgoi-ს საქმიანობაზე, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს საბადოზე ქვანახშირს მოიპოვებს.
როგორც ხურელსუხის განცხადებიდან ირკვევა, იგი მზად არის, გადააბაროს თავისი მოვალეობები, მიესალმება ნებისმიერ გამოძიებას და სურს გამოძიებასთან თანამშრომლობა. სახელმწიფოს მეთაური უარყოფს კორუფციასთან თავის კავშირს და პირადი რეპუტაციის აღდგენის მიღწევას აპირებს. მისი თქმით, ბოლო ერთი თვის განმავლობაში უცნობი ჯგუფები ავრცელებდნენ ბრალდებებს, რომლებიც მიმართული იყო პირადად მისი და პრეზიდენტის ინსტიტუტის დისკრედიტაციისკენ.
ჯერ კიდევ მარტში მონღოლეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ლუვსანამსრაინ ოიუნ-ერდენემ განაცხადა, რომ კომპანია Bodi International-მა, რომელიც რკინიგზის მშენებლობით იყო დაკავებული, დაახლოებით 110 მილიონი დოლარის ოდენობის ავანსი მიიღო, რომელიც შემდეგ, სავარაუდოდ, გაანაღდეს და მაღალჩინოსნებს შორის გაანაწილეს. თავის მხრივ, ქვეყნის დედაქალაქ ულან-ბატორის ყოფილმა მერმა ხიშგეეგიინ ნიამბაატარმა უხნააგიინ ხურელსუხი ამ თანხიდან 25 მილიონი დოლარის მიღებაში დაადანაშაულა. სამშენებლო კომპანიაში ბრალდებები ასევე უარყვეს.
ქრთამის სავარაუდო მიცემის გარემოებების გამოძიების შესახებ მონღოლეთის ანტიკორუფციულმა უწყებამ 9 ნოემბერს განაცხადა და დაადასტურა კონტრაქტორისთვის 286 მილიარდი ტუგრიკის (დაახლოებით 80 მილიონი დოლარის) ოდენობის ავანსის გადარიცხვა, თუმცა ამ თანხის ნაღდი დოლარის სახით მოხსნისა და ჩინოვნიკებს შორის განაწილების მტკიცებულებები ვერ აღმოაჩინეს.