მოლდოვაში რუმინეთიდან ელექტროენერგიის იმპორტისთვის ახალი ელექტროგადამცემი ხაზი გაიხსნა, რომელიც კიშინიოვის რუსეთზე ენერგეტიკული დამოკიდებულების შემცირებას ისახავს მიზნად. როგორც გახსნის ცერემონიაზე მოლდოვას პრეზიდენტმა, მაია სანდუმ განაცხადა, ათწლეულების განმავლობაში მოსკოვი ენერგორესურსებს იყენებდა იმისთვის, რომ ქვეყანა დაეშანტაჟებინა შუქისა და გათბობის გათიშვით.
კიშინიოვის ელექტროსადგურზე გამართულ ცერემონიაზე, რომელსაც ევროკავშირის კომისარი გაფართოების საკითხებში მარტა კოსი ესწრებოდა, სანდუმ ასევე ხაზი გაუსვა, რომ ახალი ხაზი ელექტროენერგიის მიწოდების მარშრუტების დივერსიფიკაციის საშუალებას იძლევა და ევროპულ ენერგეტიკულ სისტემაში მოლდოვას ინტეგრაციას განამტკიცებს.
ახალი ხაზი რუმინეთის საზღვართან მდებარე დასახლებულ პუნქტ ვულკანეშტის მოლდოვას დედაქალაქ კიშინიოვთან აკავშირებს და, როგორც სააგენტო AFP აღნიშნავს, მან უნდა შეამციროს ქვეყნის დამოკიდებულება კუჩურგანის ელექტროსადგურზე, რომელიც არაღიარებული დნესტრისპირეთის მოლდავური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მდებარეობს.
ნოემბრის დასაწყისში ევროკომისიამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნებისთვის გაფართოების საკითხებზე ყოველწლიური ღონისძიებათა პაკეტი წარადგინა, საიდანაც ირკვევა, რომ მოლდოვამ მოლაპარაკებების გასაგრძელებლად ყველა პირობა შეასრულა.
ევროკომისია მიიჩნევს, რომ ქვეყანამ შეძლო საკუთარი კანონმდებლობის ევროკავშირის სამართლებრივ ნორმებთან ჰარმონიზაციის პროცესის გააქტიურება, ასევე პროგრესის მიღწევა კანონის უზენაესობის განმტკიცების კუთხით. ბრიუსელი იმედოვნებს, რომ მოლდოვა რეფორმების გატარების ამჟამინდელ ტემპს შეინარჩუნებს, რათა 2028 წლის დასაწყისისთვის ევროკავშირთან მოლაპარაკებების დასრულების ამბიციურ, მაგრამ მიღწევად მიზანს მიაღწიოს.