ნიდერლანდების ყოფილი პრემიერ-მინისტრი მარკ რუტე პირველი ოქტომბრიდან NATO-ს გენერალური მდივნის უფლებამოსილების განხორციელებას შეუდგა.

ბრიუსელში, ალიანსის შტაბ-ბინაში გამართულ ცერემონიალზე, მარკ რუტეს უფლებამოსილება იენს სტოლტენბერგმა გადააბარა.

რუტემ უკრაინის მხარდაჭერა და რუსეთის შეკავება NATO-ს მთავარ პრიორიტეტებს შორის დაასახელა.

"ჩვენ მეტი უნდა დავხარჯოთ, ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ჩვენი კოლექტიური უსაფრთხოება", - ციტირებს სააგენტო AFP-ს ახალი გენერალური მდივნის სიტყვებს.

"NATO-ს მთავარი მისია არ შეიცვლება: ჩვენ საიმედოდ უნდა დავიცვათ ჩვენი ხალხი, ჩვენი ერები და, რა თქმა უნდა, ჩვენი ღირებულებები", - ხაზგასმით აღნიშნა რუტემ.

მან ასევე განაცხადა, რომ იმუშავებს შეერთებული შტატების მომავალ პრეზიდენტთან, ვინც არ უნდა გაიმარჯვოს არჩევნებში, კამალა ჰარისმა თუ დონალდ ტრამპმა.