ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიო კოშტა გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის მოთხოვნას გამოეხმაურა, რომელიც უკრაინის მრავალმილიარდიანი ფინანსური დახმარების დეფიციტის დაფარვაში ევროკავშირის ყველა ქვეყნის მონაწილეობასა და ევროკავშირის ბიუჯეტის შესაძლო დაბლოკვის შესახებ გაფრთხილებას ეხება. ორივე თემის განხილვა ნოემბრის ბოლოს, ბრიუსელში ევროკავშირის რიგგარეშე სამიტზე გაიმართება, - მისწერა კოშტამ მერცს საპასუხო წერილში, რის შესახებაც Euronews და "უკრაინსკაია პრავდა" იუწყებიან.
"მოვლენების მიმდინარე განვითარების გათვალისწინებით, დუბლინში დაგეგმილ ევროპული საბჭოს მომავალ არაფორმალურ სხდომაზე მე გამოვყოფ დროს უკრაინის ირგვლივ არსებული სიტუაციის ყოველმხრივი განხილვისთვის", - ციტირებს კოშტას წერილს Euronews. ამგვარად, ევროპული საბჭოს ხელმძღვანელი მერცს აძლევს შესაძლებლობას, ეს თემა კოლეგებთან საუბარში უკვე 13 ნოემბერს წამოჭრას, - აღნიშნავს ტელეარხი.
კოშტას თქმით, 26-27 ნოემბერს ბრიუსელში დაგეგმილი ევროკავშირის სამიტის დღის წესრიგში ორი საკითხია შეტანილი — ევროკავშირის მომავალი მრავალწლიანი ფინანსური გეგმა და უკრაინის ფინანსური საჭიროებები 2027 წლისთვის. სამიტის დაწყებამდე ევროკომისია უკრაინის დახმარების საკითხზე წინადადებებს მოამზადებს, - დასძინა ევროპული საბჭოს ხელმძღვანელმა.
ორი დღის წინ ცნობილი გახდა მერცის მიერ კოშტასთვის გაგზავნილი წერილის შესახებ, რომელშიც ის მოუწოდებდა, უკრაინის შემდგომი დაფინანსების საკითხი დუბლინში ევროკავშირის არაფორმალური სამიტის დღის წესრიგში შეეტანათ. გარდა ამისა, მერცმა განაცხადა, რომ კიევის ფინანსური საჭიროებების დაფარვაში თანამეგობრობის ყველა ქვეყნის მონაწილეობა აუცილებელი პირობაა ევროკავშირის 2028-2034 წლების ბიუჯეტზე მოლაპარაკებების წინ წასაწევად, რაზედაც ევროკავშირის ქვეყნებს შორის არსებითი უთანხმოებაა.
ბერლინის მოთხოვნების წინააღმდეგ სლოვაკეთისა და ჩეხეთის პრემიერ-მინისტრები რობერტ ფიცო და ანდრეი ბაბიში გამოვიდნენ. "რასაც კანცლერი აკეთებს, ეს ტიპური შანტაჟია და მე არ ვაპირებ მას დავუთმო", - განაცხადა ფიცომ. მისი თქმით, სლოვაკეთი სუვერენული სახელმწიფოა, უკრაინის მხარდაჭერის საკითხთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია აქვს და მას "ისეთივე ვეტოს უფლება გააჩნია, როგორიც გერმანიის კანცლერს". ბაბიშმაც, რომელიც ბრატისლავაში ვიზიტით იმყოფებოდა, მერცის მოთხოვნა გააკრიტიკა.