ჰიბრიდული თავდასხმების განხორციელებით რუსეთი საფრთხეს უქმნის ადამიანების სიცოცხლეს მთელს ევროპაში, განაცხადა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა.
ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე, მოლდოვის პრემიერ-მინისტრ ვასილე ტოფანთან ერთად გამოსვლისას, ევროპული დიპლომატიის ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა რუსეთის ბოროტგანზრახული ქმედებების გაძლიერებას ევროპის მთელ რიგ ქვეყნებში.
"ბოლო კვირების განმავლობაში ევროპაში შეინიშნება რუსული ჰიბრიდული თავდასხმების, დივერსიის მცდელობებისა და საჰაერო სივრცის დარღვევის მკვეთრი მატება. გასულ უქმეებზე რუსულმა რაკეტებმა და უპილოტო საფრენმა აპარატებმა კვლავ დაარღვიეს მოლდოვის საჰაერო სივრცე. და ეს სრულიად მიუღებელია", — განუცხადა მან ჟურნალისტებს ბრიუსელში.
სექტემბრის ბოლოს რუსეთმა მკვეთრად გააძლიერა დარტყმები უკრაინის ენერგოსისტემაზე და უტევს კიევსა და უკრაინის სხვა რეგიონებს. უკრაინაში რუსეთის თავდასხმების ფონზე, მოლდოვის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა ქვეყნის საჰაერო სივრცეში სამი უპილოტო საფრენი აპარატის შეჭრის შესახებ.
გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა მანამდე გააფრთხილა მოსალოდნელი ახალი რუსული ჰიბრიდული თავდასხმების შესახებ. გერმანიის ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაცია ეწევა ჰიბრიდულ კამპანიას, რომელიც მოიცავს დრონებით თავდასხმებსა და კიბერშეტევებს. სხვა საკითხებთან ერთად, ბერლინმა მოსკოვი აგვისტოში ლაიფციგის აეროპორტში დრონის გამოყენებით თავდასხმის მცდელობაში მონაწილეობაში დაადანაშაულა.