იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა და ვიცე-პრემიერმა ანტონიო ტაიანიმ განაცხადა, რომ მისი პირადი მონაცემები დარქნეტში გამოქვეყნდა, თავად მას კი ემუქრებიან. პოლიტიკოსის აზრით, ის ბოროტმოქმედთა სამიზნე იტალიის ხელისუფლების მიერ უკრაინის მხარდაჭერის გამო გახდა.
"კიბერდამნაშავეები უკვე რამდენიმე დღეა, ავრცელებენ ჩემს პირად მონაცემებს დარქნეტში და ცდილობენ ჩემს შესახებ დამატებითი ინფორმაციის მოპოვებას. ისინი ამაში ჩემს ოჯახსაც რთავენ, მზად არიან, გადაიხადონ ინფორმაციაში ჩემსა და ჩემი ახლობლების შესახებ", - დაწერა ტაიანიმ სოციალურ ქსელ X-ში. კონკრეტულად რა ინფორმაცია ჩაუვარდათ ხელში ბოროტმოქმედებს, მას არ დაუკონკრეტებია.
მინისტრი მიიჩნევს, რომ მომხდარი უკავშირდება არა მხოლოდ რომის საგარეო პოლიტიკას, არამედ იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო სისტემების დაცვის ზომებსაც. ტაიანის თქმით, 1 იანვრიდან სამინისტროში მოქმედებს კიბერუსაფრთხოების სპეციალური ქვედანაყოფი, რომელიც ეწინააღმდეგება თავდასხმებს, მათ შორის, იმ სტრუქტურების მხრიდან, რომლებიც სავარაუდოდ, მტრულად განწყობილ სახელმწიფოებთან არიან დაკავშირებულნი.
"ჩემი შეშინება შეუძლებელია. მე გავაგრძელებ მუშაობას ჩემი სამინისტროსა და იტალიის დასაცავად, განვამტკიცებ კავშირებსა და თანამშრომლობას ჩვენს მოკავშირეებთან, რათა შევძლოთ ერთად თავის დაცვა", - ხაზგასმით აღნიშნა იტალიური დიპლომატიის ხელმძღვანელმა.
იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯა მელონიმ ტაიანის მხარდაჭერა გამოუცხადა და მომხდარში პრორუსი ჰაკერები დაადანაშაულა. მისი თქმით, სახელმწიფო ხელისუფლების წარმომადგენლების შესახებ კონფიდენციალური ცნობების გაყიდვის მცდელობები სერიოზულ შეშფოთებას იწვევს და გადამწყვეტ პასუხს მოითხოვს.
ინციდენტთან დაკავშირებით რუსეთის ხელისუფლების მხრიდან კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა. მოსკოვი მანამდე არაერთხელ უარყოფდა საზღვარგარეთ კიბერთავდასხმებთან კავშირის შესახებ ბრალდებებს.