პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს პარტია "ლიკუდის" გარშემო გაერთიანებული ბლოკი ქნესეთში (ისრაელის პარლამენტი) 120-დან 55 ადგილს იღებს, მისი მთავარი მეტოქის, გადი აიზენკოტის პარტია "იაშარის" ირგვლივ შექმნილი ოპოზიციური ალიანსი - 50-ს, ხოლო ისრაელის ძირითადი არაბული პარტიების კავშირი - 15-ს. ამის შესახებ გაზეთმა The Times of Israel-მა ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) წინასწარ, არასრულ მონაცემებზე (ხმების 53.7%-ის დათვლის შემდეგ) დაყრდნობით განაცხადა.

ამავდროულად, ნეთანიაჰუმ უკვე უარყო არაბულ პარტიებთან (რომელთა ამომრჩევლებიც ისრაელის მოსახლეობის 20%-ს შეადგენენ) კოალიციის შექმნის იდეა და მას მოღალატეობრივი უწოდა, იუწყება სააგენტო AP.

"ჩვენ უნდა ჩამოვაყალიბოთ ძლიერი, მემარჯვენე, ნაციონალისტური მთავრობა. არ უნდა ჩავაგდოთ ისრაელი საფრთხეში და არ უნდა ჩამოვაყალიბოთ მთავრობა, რომელიც ანტისიონისტურ არაბულ პარტიებს დაეყრდნობა", - მიაჩნია მას.

თავის მხრივ, მემარჯვენე-ცენტრისტული შეხედულებების პოლიტიკოსმა, ისრაელის თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის ყოფილმა უფროსმა, აიზენკოტმა გარკვეული პირობებით არაბულ პარტიებთან თანამშრომლობის შესაძლებლობა ღიად დატოვა, თუმცა მისმა ზოგიერთმა სხვა სავარაუდო პარტნიორმა მსგავსი სცენარი გამორიცხა.

ხმის მიცემის საბოლოო შედეგებს უახლოეს დღეებში ელოდებიან, მათ შორის, დაუსწრებლად (ფოსტით) ხმის მიცემის ასობით ათას ბიულეტენს, რომლებიც ჯერ კიდევ დასათვლელია.