იორდანიაში ქრისტიანულ ეკლესიაზე თავდასხმის შემდეგ, 26 ოქტომბერს სირიაზე მიტანილი საავიაციო იერიშების შედეგად 20-ზე მეტი ჯიჰადისტი მოკლეს, — განაცხადა იორდანიის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მოჰამედ ალ-მომანიმ. მისი თქმით, წინასწარი მონაცემები იერიშის შედეგად ტერორისტული დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" რიგებში მნიშვნელოვან დანაკარგებზე, ასევე იარაღის დიდი საწყობის განადგურებაზე მიუთითებს.

ამასთან, ალ-მომანიმ მშვიდობიანი მოქალაქეების დაღუპვის ფაქტი აღიარა და განაცხადა, რომ ჰაშიმიტური სამეფო ამ მსხვერპლის გამო წუხს.

სირიამ სამშაბათს იორდანიის სამხედრო-საჰაერო ძალების იერიშები დაგმო და მათ "საჰაერო სივრცის მიუღებელი დარღვევა" უწოდა. მანამდე დამასკომ მომხდარზე რეაგირება ქვეყნის სამხრეთით მდებარე უმნიშვნელოვანესი სასაზღვრო გამშვები პუნქტის, ნასიბის ჩაკეტვით მოახდინა. ასევე გამოცხადდა ორივე მიმართულებით მგზავრთა და ტვირთების მიმოსვლის შეჩერების შესახებ. მიზეზად მიმდინარე გარემოებები დასახელდა.

სირიის მთავრობამ განაცხადა, რომ საავიაციო იერიშების შესახებ წინასწარ ინფორმირებული არ ყოფილა. სააგენტო Sana-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ სირიულ მხარესთან არანაირი წინასწარი კოორდინაცია არ განხორციელებულა. სირიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, სირია და იორდანია უსაფრთხოებისა და ოპერატიული ურთიერთქმედების ერთობლივი კომიტეტის შექმნაზე მუშაობენ, რათა ახალი ინციდენტები თავიდან აიცილონ და საერთო საზღვარი უკეთ დაიცვან.

2024 წლის დეკემბერში სირიის მრავალწლიანი ლიდერის, ბაშარ ასადის რეჟიმის დამხობის შემდეგ, ეს მეზობელ სახელმწიფოებს შორის ურთიერთობებში ყველაზე სერიოზული კრიზისია.

ცნობისთვის, 26 ოქტომბერს იორდანიამ სირიის ტერიტორიაზე საავიაციო იერიშები მას შემდეგ განახორციელა, რაც იორდანიაში მდებარე ერთ-ერთ ქრისტიანულ ეკლესიაზე ტერორისტული თავდასხმა მოხდა. იერიშების სამიზნეს ტერორისტული დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფო" და მათი შეიარაღების საწყობები წარმოადგენდა. აღნიშნულმა ინციდენტმა დამასკოსა და ამანს შორის მწვავე დიპლომატიური კრიზისი გამოიწვია, რასაც საზღვრების ჩაკეტვა და მიმოსვლის შეჩერება მოჰყვა, რაც რეგიონში 2024 წლის დეკემბერში ბაშარ ასადის ხელისუფლების დამხობის შემდეგ უპრეცედენტო გამწვავებაა.