იაპონიამ რუსეთი თავისი საჰაერო სივრცის დარღვევაში დაადანაშაულა. ორი, სავარაუდოდ, რუსული თვითმფრინავი 17 ნოემბერს, იაპონიის სამხრეთ-დასავლეთით, კუნძულ ოკინოსიმას რაიონში, ქვეყნის საჰაერო სივრცეში შეიჭრა, — განაცხადა მთავრობის წარმომადგენელმა მინორუ კიჰარამ. საჰაერო სივრცის დამრღვევთა გასაფრთხილებლად იაპონური გამანადგურებლები ჰაერში აფრინდნენ.

კიჰარას თქმით, თავდაპირველად თვითმფრინავებმა იაპონიასა და სამხრეთ კორეას შორის მდებარე კორეის სრუტე გადაიფრინეს, შემდეგ კი კუნძულ იონაგუნისა და ტაივანს შორის გაიარეს. ამის შემდეგ ისინი წყნარი ოკეანის მიმართულებით გაემართნენ.

"რუსული თვითმფრინავების მიერ ჩვენი ეროვნული საჰაერო სივრცის დარღვევა არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის სერიოზული ხელყოფაა, არამედ საფრთხეს უქმნის ჩვენს უსაფრთხოებას და სრულიად მიუღებელია", — ხაზგასმით აღნიშნა მთავრობის წარმომადგენელმა. იაპონიამ რუსეთს დიპლომატიური არხებით მტკიცე პროტესტი გაუგზავნა.

იაპონიისა და რუსეთის ურთიერთობებში დაძაბულობა ბოლო კვირებში მას შემდეგ გაიზარდა, რაც რუსეთში ჯაშუშობის ბრალდებით იაპონელი ჟურნალისტი დააკავეს, ხოლო კომპანია Japan Tobacco-ს რუსული ბიზნესი მოსკოვის მმართველობაში გადაეცა.