ჩინეთს არ გამოუხატავს ინტერესი უკრაინის საკითხზე რუსეთისა და აშშ-ის მაღალჩინოსნებთან შესაძლო სამმხრივი შეხვედრის მიმართ, მიიჩნევს გერმანიის პრეზიდენტი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი. როგორც გერმანიის მეთაურმა გადაცემა Bericht aus Berlin-ის მსვლელობისას განაცხადა, მან ეს თემა, პეკინში ვიზიტის დროს, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარე სი ძინპინთან განიხილა.

ჩინეთის ლიდერის პასუხით თუ ვიმსჯელებთ, აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის (APEC) სამიტზე შენჯენში, 18-19 ნოემბერს, ნამდვილად გაიმართება სის შეხვედრა რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტებთან - ვლადიმერ პუტინთან და დონალდ ტრამპთან. თუმცა იქ საუბარი უკრაინას არ შეეხება, განმარტა შტაინმაიერმა.

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარემ გერმანიის პრეზიდენტს ნათლად მიანიშნა, რომ უკრაინაში მეხუთე წელია მიმდინარე ომი ევროპული გეოპოლიტიკური კონფლიქტია და მოლაპარაკებების მაგიდასთან ევროპელები უნდა ისხდნენ. შტაინმაიერის თქმით, როდესაც მან ჩინეთის ლიდერთან საუბარში უკრაინის საკითხზე შესაძლო სამიტის საკითხის წამოჭრა, ამ უკანასკნელის სახეზე გაღიზიანება შეიმჩნეოდა.

ოქტომბრის შუა რიცხვებში ამერიკულმა გაზეთმა The Wall Street Journal (WSJ) გაავრცელა ინფორმაცია, რომ პუტინმა ტრამპსა და სის ჩინეთში APEC-ის ფორუმის დროს სამმხრივი სამიტის გამართვა შესთავაზა. WSJ-ის მონაცემებით, ინიციატივა უკავშირდება უკრაინაში ომთან დაკავშირებით შეთანხმებების ძიებას მოსკოვის პირობებით. თეთრი სახლის მეთაურმა ასეთი მოლაპარაკებების შესაძლებლობის მიმართ ღიაობა გამოხატა და განაცხადა, რომ სამმხრივი შეხვედრის შემთხვევაში, სხვა თემებთან ერთად, უკრაინის საკითხსაც შეეხებოდა.