გერმანიის მთავრობა ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ სიტუაციას ოპტიმისტურად აფასებს. გერმანიის ეკონომიკის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ახალი პროგნოზის თანახმად, ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი მიმდინარე წელს, ადრე ნავარაუდევი 0,5%-ის სანაცვლოდ, 1,3%-ით გაიზრდება. 2027 წლის პროგნოზიც გაიზარდა: 0,9%-დან 1,1%-მდე.

"გერმანიის ეკონომიკა ზრდის ტრაექტორიაზეა და მოსალოდნელზე მეტი მდგრადობა გამოავლინა", — განაცხადეს სამინისტროში. — "ახლო აღმოსავლეთში არსებული კონფლიქტისა და ენერგომატარებლებზე ფასების ზრდის მიუხედავად, 2026 წლის პირველ ნახევარში მან აქტიური ზრდა აჩვენა".

ამასთან, მოსალოდნელია, რომ 2028 წელს ზრდის ტემპი შენელდება — 0,6%-მდე.

გერმანიის ეკონომიკის სამინისტროში ეკონომიკის მთავარ იმპულსად ექსპორტს მიიჩნევენ — ვარაუდობენ, რომ წელს იგი 3,7%-ით გაიზრდება. ბოლო დროს წამყვანმა ეკონომიკურმა ინსტიტუტებმაც გაზარდეს გერმანიის ეკონომიკის განვითარების თავიანთი შეფასებები.

სამთავრობო ექსპერტები მიუთითებენ, რომ შემდგომი ეკონომიკური განვითარება მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ირანსა და უკრაინაში ომების მიმდინარეობაზე. ამ კონფლიქტების მყარი დარეგულირება, სავარაუდოდ, ენერგომატარებლებზე ფასების შემცირებას გამოიწვევდა და ეკონომიკურ აღდგენას დააჩქარებდა. და პირქით: ნედლეულსა და ენერგომატარებლებზე შენარჩუნებული მაღალი ფასები მძიმე ტვირთად დააწვება საწარმოებსა და მომხმარებლებს.

ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტი მომხმარებლებს ინფლაციის გზით არტყამს — უპირველეს ყოვლისა, ბენზინსა და დიზელის საწვავზე ფასების ნახტომისებური ზრდის გამო. ბერლინის მთავრობა ელის, რომ მიმდინარე წელს ინფლაციის დონე საშუალოდ 2,7%-ს შეადგენს, ხოლო 2027 წელს — 3,0%-ს. 2028 წელს ეს მაჩვენებელი, პროგნოზის თანახმად, 2,2%-მდე დაიწევს.