მთელი გერმანიის მასშტაბით ასობით სკოლამ დანაღმვის შესახებ ანონიმური მუქარა მიიღო. ბომბების არსებობის შესახებ მუქარის შემცველი ელექტრონული წერილები ბადენ-ვიურტემბერგის ფედერალური მიწის 450-ზე მეტ სასწავლო დაწესებულებასა და საქსონია-ანჰალტის 260 სკოლაში შევიდა.
მუქარის წერილები ასევე მიიღეს ბერლინის, ქვემო საქსონიის, რაინლანდ-პფალცის, შლეზვიგ-ჰოლშტაინისა და თიურინგიის სკოლებმაც. დრეზდენსა და მის შემოგარენში სკოლებში ბომბის არსებობის შესახებ 90 შეტყობინება დაფიქსირდა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, რეალური საფრთხის ნიშნები არ გამოვლენილა.
სამართალდამცავი ორგანოები დილის საათებში მიღებულ ერთი ტიპის წერილებს სერიოზულ საფრთხედ არ მიიჩნევენ. ჰანოვერის პოლიციაში განაცხადეს, რომ მუქარები, უპირველეს ყოვლისა, დაწყებითი სკოლების მისამართით იყო გაგზავნილი.
დაწყებულია გამოძიება დანაშაულის ჩადენის მუქარით საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის ფაქტზე. თიურინგიაში პოლიციამ სკოლებს რეკომენდაცია მისცა, მუშაობა ჩვეულ რეჟიმში გააგრძელონ და ევაკუაცია არ განახორციელონ. რიგ რეგიონებში მოსწავლეები სახლებში გაუშვეს.