გერმანია ზამთრის თვეების მოახლოების ფონზე, უკრაინას 300 მილიონი დოლარის ოდენობის დამატებითი სამხედრო დახმარების პაკეტით დაუჭერს მხარს. პროგრამა PURL-ის (Prioritised Ukraine Requirements List — "უკრაინის პრიორიტეტული მოთხოვნების სია") ფარგლებში, რომელიც მოკავშირეებს უკრაინისთვის ამერიკული იარაღის შესყიდვის საშუალებას აძლევს, მთავარი ყურადღება ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვას დაეთმობა, — განაცხადა გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა ბრიუსელში ევროკავშირის ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე.
მისი თქმით, გერმანიის მთავრობა, ნორვეგიასთან ერთად, უკრაინისთვის აშშ-ში შეიძენს შეიარაღების ისეთ სისტემებს, რომლებიც ევროპაში არ მოიპოვება. პისტორიუსმა აღნიშნა, რომ რუსეთი ზამთრის დადგომის წინ მიზანმიმართულად უტევს ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურასა და თბომომარაგების სისტემებს და ამის კეთებას კვლავაც გააგრძელებს.
პაკეტში, უპირველეს ყოვლისა, შევა მართვადი რაკეტები Patriot-ის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებისთვის, — განაცხადა პოლიტიკოსმა. გარდა ამისა, გათვალისწინებულია ადრე დაანონსებული საზენიტო სისტემები IRIS-T, ახალი რადიოლოკაციური სადგურები, ასევე საბრძოლო მასალები გამანადგურებლებისთვის F-16 და უპილოტო საფრენი აპარატებისთვის.