გერმანიის მთავრობა 6,6 მილიარდ ევროს გადაიხდის ფრანგულ-გერმანული თავდაცვის კონცერნ KNDS-ის 50-პროცენტიან წილში, რომელიც ტანკ Leopard 2-ს აწარმოებს. ამის შესახებ ჟურნალი Der Spiegel და სააგენტო Reuters წყაროებზე დაყრდნობით იუწყებიან.
გასულ კვირას ბერლინმა შეთანხმებას მიაღწია ბოდესა და ბრაუნბერენსის ოჯახებთან, რომლებიც კომპანიის გერმანულ ნაწილს ჰოლდინგ Wegmann-ის მეშვეობით ფლობენ. მოსალოდნელია, რომ ნასყიდობის ხელშეკრულებას ხელი ნოემბერშივე მოეწერება.
KNDS 2015 წელს შეიქმნა გერმანული საოჯახო კომპანია Krauss-Maffei Wegmann-ისა და საფრანგეთის ხელისუფლების მფლობელობაში არსებული შეიარაღების მწარმოებელ Nexter-ის გაერთიანების შედეგად. ტანკ Leopard 2-ის გარდა, კონცერნი ჯავშანმანქანა Boxer-სა და ქვეითთა საბრძოლო მანქანა Puma-ს აწარმოებს.
გერმანიის მთავრობაში გარიგებას სტრატეგიულად მნიშვნელოვნად მიიჩნევენ ევროპაში უსაფრთხოების სფეროში შეცვლილი ვითარების ფონზე. ბუნდესტაგის საბიუჯეტო კომიტეტისთვის მომზადებული დოკუმენტების თანახმად, ბერლინს განზრახული აქვს, KNDS-ში საფრანგეთის თანაბარი გავლენა უზრუნველყოს და თავიდან აიცილოს სიტუაცია, როდესაც საკვანძო გადაწყვეტილებების მიღებისას მისი პოზიცია შესაძლოა, უმცირესობაში აღმოჩნდეს.
Der Spiegel-ის ცნობით, ხელისუფლება ასევე ცდილობს შეინარჩუნოს კონტროლი ინტელექტუალურ საკუთრებასა და გერმანული შეიარაღების ნიმუშების შემუშავებაზე. ბერლინში შიშობდნენ, რომ მფლობელი ოჯახების გასვლის შემდეგ აქციები შესაძლოა, უცხოელ ინვესტორებს გადასცემოდათ. კერძოდ, KNDS-ში წილის შეძენის მიმართ ინტერესს ჩეხური ჯგუფი CSG იჩენდა.