გერმანია საკუთარ ტერიტორიაზე კიევისთვის უკრაინული სადაზვერვო დრონების, "ბაბკას" წარმოებას დაიწყებს. ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა ბერლინში, თავის უკრაინელ კოლეგასთან, ევგენი ხმარასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
პისტორიუსის თქმით, საწარმოო სიმძლავრეების შესაქმნელად ბერლინი დაახლოებით 34 მილიონ ევროს გამოყოფს. პროექტის განსახორციელებლად გერმანულმა კომპანია Wingcopter-მა და უკრაინულმა Shadow Flytech-მა ერთობლივი საწარმო დააფუძნეს.
გარდა ამისა, პისტორიუსმა და ხმარამ ხელი მოაწერეს განზრახვათა მემორანდუმს ბუნდესვერის მიერ ბრძოლის მართვის უკრაინული სისტემის, Delta-ს გამოყენების შესახებ. როგორც გერმანიის თავდაცვის მინისტრმა განმარტა, აღნიშნული სისტემა ბრძოლის ველზე არსებული ვითარების შესახებ ინფორმაციის რეალურ დროში გაერთიანების საშუალებას იძლევა. პისტორიუსის თქმით, გასულ თვეში გერმანიის სახმელეთო ჯარებმა ეს სისტემა უკრაინელ სამხედროებთან ერთად უკვე გამოცადეს. ახლა იგეგმება მისი შემდგომი განვითარება და ბუნდესვერში დასანერგად მომზადება.
თავის მხრივ, ევგენი ხმარამ ისაუბრა ექვს ერთობლივ თავდაცვით პროექტზე, რომელთა ინვესტიციების მოცულობა ერთ მილიარდ ევროს აღემატება, ასევე 1000 ერთეული IRIS-T რაკეტის წარმოების ახალ კონტრაქტზე.
ბორის პისტორიუსის განცხადებით, მომავალ წელს გერმანია უკრაინის მხარდასაჭერად 11,6 მილიარდი ევროს გამოყოფას გეგმავს. ეს სახსრები, პირველ რიგში, ქვეყნის საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად უნდა იქნეს გამოყენებული.