"თავისუფალი რუსეთის ფორუმის" თანადამფუძნებელი გარი კასპაროვი მიიჩნევს, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის პოლიტიკა და მისი "დიზელის გარიგება" ვლადიმერ პუტინთან თანმიმდევრულად მუშაობს კრემლის ინტერესებში. "ყველაფერი, რასაც ტრამპი აკეთებდა, აკეთებს და გააკეთებს — პუტინს ეხმარება", — განაცხადა მან DW-სთან ინტერვიუში.

კასპაროვის აზრით, აშშ-ის პრეზიდენტის გადაწყვეტილება რუსულ დიზელზე სანქციების გაუქმების შესახებ "ტრამპის ხალხის", სტივენ უიტკოფისა და ჯარედ კუშნერის კრემლთან მუდმივი კონტაქტების შედეგია. პოლიტიკოსი დარწმუნებულია, რომ მომხდარი ევროპისთვის ბოლო სიგნალია იმისა, რომ უკრაინაში ომი შესაძლოა, ტრაგიკულად დასრულდეს.

"ეს ომი ექსტრაორდინალური ზომების მიღებას მოითხოვს, სრულმასშტაბიანი შეჭრის მეხუთე წლის მიწურულს კი ევროპა კვლავ გაურკვევლობაშია — ევროკავშირს არანაირად არ შეუძლია ჩამოყალიბდეს, პუტინს ებრძვის თუ რაღაც კომპრომისული გზის პოვნას ცდილობს", — აღნიშნა კასპაროვმა ვარშავაში DW-ს კორესპონდენტთან საუბრისას.

რუსი ოპოზიციონერი იმედოვნებს, რომ ტრამპის "ღია შეტევა უკრაინაზე", რომელიც ასევე მოიცავს პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შემცვლელის პოვნის მოთხოვნას, აიძულებს ევროპას, ჩამოყალიბდეს და გამოიყენოს თავისი ყველა რესურსი.

"ომი მოითხოვს მსხვერპლს, ეკონომიკის ნაწილის მაინც სამხედრო რელსებზე გადაყვანას, მაგრამ ევროპაში ამას ჯერჯერობით ვერ ვხედავთ. ეს ხდება იმ ქვეყნებში, რომლებიც შეიძლება, რუსული აგრესიის უშუალო ობიექტი გახდნენ, მაგრამ მთლიანობაში, ევროკავშირი ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას. რუსეთთან ვაჭრობა გრძელდება, მოსკოვიდან არცერთი ელჩი არ გაუწვევიათ. პუტინისთვის ეს აშკარა სიგნალია, რომ ევროპულ პოლიტიკაში კვლავ იმპოტენცია და კორუფცია დომინირებს", — აღნიშნა კასპაროვმა.

პოლიტიკოსი ვარაუდობს, რომ მომავალ წელს ომი ფინიშის ხაზზე გავა, თუმცა საუბარი არ იქნება მის გაყინვაზე: "ეს ფინიშის ხაზი ან კატასტროფა იქნება უკრაინისა და ევროპისთვის, ან პუტინის რეჟიმის კრახი".